მოვუწოდებ ლანჩხუთელებს გაწევრიანდნენ ახლახან შექმნილ ჯგუფში -,,ყველაფერი კორონა ვირუსის შესახებ“~ და მიიღონ საჭირო კონსულტაციები

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 244

 

ინტერვიუ იტალიაში სტუმრად წასულ და ახლა, ფაქტიურად, იქ ჩარჩენილ ლანჩხუთელ ნინა ბარამიძესთან. როგორია ნინას ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა ხდება რეალურად იტალიაში?
_ნინა, თითქმის ერთი თვეა, რაც იტალიაში წახვედი, თუ წარმოიდგენდი მაშინ, რომ კორონავირუსის გამო ასეთი მდგომარეობა შეიქმნებოდა?
_ ნამდვილად არ იყო პანდემიის ნიშანწყალი იმ პერიოდში, წინააღმდეგ შემთხვევაში არ წავიდოდი სტუმრად იტალიაში. მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდა, სამწუხაროდ უარესობისკენ.
_ იტალიაში კონკრეტულად რომელ ქალაქში იმყოფები?
_ ნეაპოლში, ეს არის ისტორიული ქალაქი სამხრეთ იტალიაში, კამპანიის რეგიონში.
_ რა მდგომარეობაა ნეაპოლის ქუჩებში? _ როგორც ვიცი, სამხრეთ იტალიაში შედარებით უკეთესი მდგომარეობაა (თუ ამას უკეთესი ჰქვია), ქვეყნის სხვა რეგიონებთან შედარებით.
_ კი, სამხრეთ იტალიაში შედარებით ცოტა შემთხვევაა, მაგრამ მთელი ქვეყანა კარანტინში ან თვითიზოლაციაშია მოქცეული და შესაბამისად, ნეაპოლიც. ქუჩები ცარიელია, მხოლოდ სუპერმარკეტები და აფთიაქები მუშაობენ, ისინიც სპეც-წესებით, ანუ ბევრი ადამიანი ერთად ვერ შევა. თუ აუცილებლობა არ არის, სახლიდან არც გავდივარ. სავალდებულოა პირბადე და რეზინის ხელთათმანები.
_ საქართველოს მთავრობამ რამდენიმე სპეც-რეისი შეასრულა იტალიიდან საქართველოსკენ, ბევრი ადამიანი წამოვიდა. შენ დროებით მანდ რჩები თუ წამოსვლა გინდა?
_ ძალიან მინდა წამოსვლა, ახლახანს დავრეკე საქართველოს საკონსულოში და მათი პასუხი შემდეგი იყო: ,,ამჟამად, სპეც-რეისები არ გვაქვს, შეგვიძლია გირჩიოთ რომი-კიევი და იქედან გადაფრინდეთ საქართველოში“. ასევე მირჩიეს, რომ თვალი ვადევნო მათ ვებგვერდს და სიახლეს დაველოდო. ჯერჯერობით, დიდ გაურკვევლობაში ვარ...
ვისარგებლებ შემთხვევით და მოვუწოდებ ლანჩხუთელებს გაწევრიანდნენ ახლახან შექმნილ ჯგუფში _ ,,ყველაფერი კორონა ვირუსის შესახებ“ და მიიღონ საჭირო კონსულტაციები.
_ როგორია შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
_ თავს კარგად ვგრძნობ, ვიცავ ყველა იმ წესს, რასაც მედიკოსები გვირჩევენ.
თორნიკე ჯიჯიეშვილი
პ.ს. ნინა ბარამიძის თქმით, მან მიიღო გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე დარჩეს იტალიაში, როგორც ის ამბობს, ახლა მთავარია საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოება და ნაკლები რისკები.

nina jpj