ვინ არის ბესო დოლიძე, რომელიც პარლამენტარებთან ერთად დააკავეს 20 ივნისს და რამ აიძულა იყოს რადიკალი ოპოზიციონერი?

განყოფილება: სტატიები
გადასვლები: 547

12

მკითხველს კარგად ემახსოვრება გასული წლის 20 ივნისის ავადმოსაგონარი ღამე, სადაც იზარალა ყველამ, აქციის მონაწილეებმა, სამართალდამცავებმა და რაც მთავარია ქვეყნის იმიჯი შეირყა. 20 ივნისის ღამეს დაკავებულთა შორის ერთ-ერთი ლანჩხუთელი ახალგაზრდა პოლიტიკოსი, ბესო დოლიძეც იყო. შეგახსენებთ, რომ ბესო დოლიძე ,,ევროპული საქართველოს“ ლანჩხუთის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარეა და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოყოლებული აქტიურ პოლიტიკაშია. რატომ მოხდა მისი დაკავება, რატომ არის ოპოზიციაში, რას ფიქრობს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ამ კითხვებზე ,,ჰო და არასთან“ ინტერვიუში თავად ბესო დოლიძე პასუხობს. _როგორ მოხდა თქვენი დაკავება? _ მთავრობის მიერ ქართველი ხალხისგან ,,სესხად''აღებული ერთი წლის თავზე ნოემბრის მიწურულს, პარლამენტის წინ, სადაც ამ ერთ და მანამდე გასულ კიდევ მრავალ უსამართლობის, ჩაგვრის, ოკუპაციის და ტყუილის წლებს კანონიერად, გამოხატვის უფლების ფარგლებში ვაპროტესტებდით, დაახლოებით 50-მდე პოლიციელის ალყაში მოვყევით აქტივისტების ჯგუფი და სრულიად უმიზეზოდ, ყოველგვარი კანონიერი მოთხოვნის, მოწოდების და ბრალის წარდგენის გარეშე ხუთმა პოლიციელმა მანქანაში ,,ჩამტენა, იმ ღამეს იგივე არარსებული ბრალდებით 5 აქტივისტი დააკავეს, მანამდეც და მის შემდეგ მთლიანად ამ მოვლენების გარშემო ასამდე აქტივისტი, პარტიული მუშაკი და მათ შორის პარლამენტის წევრებიც კი დააკავეს ერთი და იგივე მუხლით. სასამართლო პროცესის ორჯერ გადადების შემდეგ, სამი თვის თავზე, საბოლოოდ ერთ-ერთი მოწმის ჩვენების საფუძველზე სასამართლო ჩემს მიმართ მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა, თუმცა აღნიშნულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში მოსამართლემ მაინც დამნაშავედ მცნო. _რატომ და როდის გადაწყვიტეთ პოლიტიკაში ჩართვა და რამ გამოიწვია თქვენში ამხელა პროტესტი მმართველი პარტიის მიმართ? _ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, როცა რუსეთმა ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერის და ჩვენი არმიის მოწოდების სიმაღლეზე ყოფნის გამო საბოლოოდ ვერ დაგვაჩოქა, მოინდომა საქართველოში პრორუსული ძალების ხელისუფლებაში მოყვანა, რაც 2012 წელს რუსი ოლიგარქის ჩვენი ქვეყნის სათავეში მოსვლით შეძლო კიდეც, სწორედ აქედან იწყება მოვლენათა ის ჯაჭვი, რომელსაც პასუხი საქართველოს მოსახლეობამ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გასცა, საიდანაც იწყება ჩემი ჩართვა პოლიტიკაში. თუმცა არჩევნების გაყალბებით და ადამიანებზე ზეწოლით ,,ქართულმა ოცნებამ'' შეძლო და მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი გაიყვანა ქვეყნის პრეზიდენტად, სანაცვლოდ კი მოსახლეობას ერთ წელიწადში ყველა ხარვეზის და დაშვებული შეცდომის გამოსწორებას დაპირდა. _ისევ 20 ივნისს დავუბრუნდეთ, მიგაჩნიათ თუ არა, რომ პროტესტანტების იმღამინდელი რეაქცია სრულად ადეკვატური იყო? _ 20 ივნისს ოკუპანტი ქვეყნის დუმის წევრის დაჯდომა ჩვენი ქვეყნის პარლამენტის სკამზე, რამაც ყველას თვალნათლივ დაგვანახა, როგორ აქტიურად უხრიან თავს ხელისუფალნი რუს ჩინოვნიკებს, არ მოითმინა ქართულმა საზოგადოებამ და შედეგად მივიღეთ ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი და მტკივნეული მოვლენა ,,გავრილოვის ღამე, სადაც ხელისუფლების მიერ აქციის დარბევის დროს დაშავდნენ უმეტესად ახალგაზრდები და სტუდენტები, მაგრამ ამ ყველაფრის გააზრების შემდეგ, მიმდინარე მოვლენების საპირწონედ ხელისუფლებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების პირობა დადო, თუმცა მალევე სამოქალაქო პროტესტის დაცხრომის შემდეგ, როგორც სჩვევიათ, დაპირება უკან წაიღეს და ამომრჩეველს შერჩა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტყუილი. _ გასაგებია, რომ მმართველმა პარტიამ ვერ თუ არ შეასრულა პირობა არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე, მაგრამ საინტერესოა, თქვენ რამდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევთ შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულზე გადასვლის საკითხს? _ პროპორციულ არჩევნებს უნდა უზრუნველეყო ჩვენს ქვეყანაში ძალთა დაბალანსება და გარანტი გამხდარიყო იმისა, რომ მომავალ თაობებს აღარ მოუწევდათ მუდმივად ქვეყნის მთავარ გამზირზე აქციების ჩატარება. პროპორციული არჩევნები თავისი არსით საშუალებას მოგვცემდა თავიდან აგვეცილებინა ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობა, ტოტალიტარიზმი, ქვეყნის შიდა ბაზარზე მონოპოლია, გაყალბებული არჩევნები, მოსყიდული მოსამართლეები, კორუფცია და სხვა ყველა მანკიერება, რომელიც მსგავსი ტიპის სახელმწიფოებს ახასიათებთ. _მართალია თქვენ ოპოზიციაში ხართ, მაგრამ ნეიტრალური მოქალაქის პოზიციიდან, რომ გამცეთ პასუხი, აქვს თუ არა საქართველოს რეალურად იმის რესურსი, რომ დღეს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა უკეთესი იყოს? _ ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რესურსები, კულტურული მრავალფეროვნება, ქართული საზოგადოების და ხალხის უნიკალურობა, ჩვენ ქვეყანას საშუალებას აძლევს რეგიონში ლიდერის ფუნქცია შეითავსოს და სასურველი იყოს ყველა სფეროში ინვესტორებისა და დეველოპერებისთვის. გვაქვს უდიდესი ტურისტული პოტენციალი, თუმცა ქვეყნის სათავეში არასწორი ძალისა და მონოპოლისტი ოლიგარქის ყოფნის გამო, იჩაგრება უბრალო ადამიანების ინტერესები და ქვეყანას არამიმზიდველს ხდის ყველა გადმოსახედიდან. მაგალითისთვის, რომ გადავხედოთ არსებული მთავრობის მმართველობის ბოლო წლებს, ქვეყანაში თითქმის შეჩერებულია ეკონომიკური ზრდა და ის 5%-იანი მაჩვენებელი, რომელიც 2019 წლის ბოლოს დაფიქსირდა ჩვენს ეკონომიკაში, არ იძლევა საშუალებას, მოხდეს ქვეყნის ძირეული წინსვლა. საქართველო, სამწუხაროდ არ არის განვითარებული ქვეყანა, როგორც ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები დანია, ნორვეგია, გერმანია და ასე შემდეგ, ჩვენ სამწუხაროდ არც სტაბილურად განვითარებადი ქვეყანა ვართ, ჩვენნაირი ტიპის ქვეყნისთვის ძლივს მიღწეული 5%-იანი ეკონომიკური ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში რელურად რამე წინ მიდის. განვითარებადი ქვეყნისთვის ეს ინდექსი 4-5 წლის განმავლობაში 8%-დან 11%-მდე უნდა მერყეობდეს, რომ მოსახლეობამ რეალური ცვლილებები იგრძნოს, როგორც ეს იყო 2005 წლიდან 2007 წლამდე მონაკვეთში. _როგორ ფიქრობთ, მას შემდეგ რაც ,,ქართული ოცნება" მოვიდა ქვეყნის სათავეში, რა შეიცვალა უკეთესობისკენ ან უარესობისკენ? _სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში 300 000-მდე ბავშვი შიმშილობს, არ შესრულდა დაპირებები, გვიყვებოდნენ უფასო ფულის შესახებ, ელექტროენერგიაზე, რომლის ფასი 7 თეთრი უნდა გამხდარიყო, საქართველო როგორც გაზისა და ნავთობის სატრანზიტო ქვეყანა ბევრად დაბალ ფასში უნდა იღებდეს ამ რესურსებს, თუმცა აქაც არაფერი შეცვლილა, ქვეყანას ყავს 800 000 პენსიონერი, რომელიც დღეს ვითომდა გაზრდილ პენსიას 220 ლარს იღებს, თუმცა რეალურად აქაც არაფერი შეცვლილა, მაგალითისთვის 2012 წელს პენსია ლარებში 125 ლარს შეადგენდა, რაც მაშინდელი კურსით დოლართან მიმართებაში დაახლოებით 75.5 $ იყო, 2020 წელს კი 220 ლარიანი პენსია დოლართან მიმართებაში დღევანდელი კურსით დაახლოებით 78.8 $, უხეშად რომ ვთქვათ პენსია 100 ლარით კიარა დაახლოებით 3 დოლარით დაიზარდა, მაგრამ ეს იმ ფონზე როცა გაიზარდა სხვა ყველა პროდუქტისა თუ მომსახურების ფასი მსოფლიო ბაზარზე, ეს კი იმ ქვეყანაში სადაც ჩინოვნიკები იშენებენ სასახლეებს, სადაც ერთი ოლიგარქის და ოკუპანტი ქვეყნის ქვეყნის ინტერესებს შეეწირა ყველაზე დიდი ეკონომიკური და სტრატეგიული პროექტი ანაკლიის პორტი, გვყავს უამრავი სოციალურად დაუცველი ოჯახი, ქვეყნის იმიჯი და კურსი ძალიან ბუნდოვანია, ვიღებთ კრიტიკულ წერილებს, შენიშვნებს და გზავნილებს ქვეყნის ყველაზე ძლიერი ოკეანეგაღმელი სტრატეგიული პარტნიორიდან, გვყავს პოლიტპატიმრები, თითქმის ჩამოშლილია ჯანდაცვის და განათლების სისტემა. მთავრობა და კონკრეტულად ივანიშვილი ძლიერ დარტყმას აყენებს ქვეყნის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, იზრდება კრიმინალი, ვკარგავთ ტერიტორიებს, ამ ფონზე არ ჩანს არც დაპირებული 100 ქარხანა და არც სოფლის მეურნეობაში ჩადებული მილიარდები. რამოდენიმე წლის დაგვიანებითაც კი არ ბარდება დაწყებული უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგალითად სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანი, რომლის უდიდესი ნაწილი ჩვენ ტერიტორიაზე გადის. მეტიც, არასწორად ჩატარებული სამუშაოების გამო, მოსახლეობას უჭირს ავტობანის გადაღმა არსებული სასოფლო სამეურნეო სვარგულების დამუშავება და მოსავლის აღება, რასაც ემატება აზიურ ფაროსანასთან არასათანადო ბრძოლა, რომელმაც დიდი ზარალი მიაყენა მოსახლეობას, ჩვენი სოფლის მეურნეობის უდიდესი მტერია ჯერ ბოლომდე არ დაგვიმარცხებია. ახალგაზრდებსაც ვერ აძლევს მთავრობა ჯეროვან დაპირებებს, გარდა იმისა, რომ სთავაზობს უცხოეთში წასვლას და იქ გაურკვეველ პირობებში გაურკვეველ პოზიციაზე დასაქმებას, ამდენი ქართველია გადახვეწილი ლუკმაპურის საშოვნელად, თუმცა რა თქმა უნდა არ საუბრობენ განათლებაზე და ჩვენს უდიდესი პოტენციალის მქონე ქვეყანაში უნიჭიერესი თაობის დასაქმებაზე. _ და ბოლოს, რას ეტყვით ჩვენს მკითხველს და თქვენს ამომრჩეველს? _იყვნენ ორიენტირებულნი მომავალზე, ვიაზროვნოთ სახელმწიფოებრივად, გვქონდეს სწორი მოთხოვნები და ქვეყნის ინტერესს ნუ გადავაყოლებთ რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ არსებულ წყენას, ნუ შეგვეშინდება ცვლილებების, სიახლეების და ნუ მოვიტყუებთ თავს ფუჭი დაპირებებით. რაც შეეხება მთელი მსოფლიოს წინაშე დამდგარ ახალ გამოწვევას ,,კორონა ვისრუსს, ეს ვირუსი ადრე თუ გვიან ჩვენამდეც მოაღწევდა, თუმცა მეტად მობილიზებული უნდა დავხვედროდით, გისურვებთ ჯანმრთელობას, მივყვეთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილ წესებს, მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, გარდაუვალი აუცილებლობის გარეშე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას და ზოგადად დიდ ქალაქებს. _ გისურვებთ ჯანმრთელობას და უკეთეს საქართველოში ცხოვრებას, მე ღრმად მწამს საქართველოს მოსახლეობის და ჩვენი უნიჭიერესი ახალგაზრდობის. თორნიკე ჯიჯიეშვილი