მეტის გაკეთება შეეძლო როგორც საკრებულოს, ასევე გამგეობას

ჩვენი გაზეთის სტუმარია ცნობილი კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კლინიკა ,,ჯანმრთელობას“ დირექტორი, ოთხი მოწვევის საკრებულოს დეპუტატი ამირან ქანთრია.
–ბატონო ამირან, კარს მოგვადგა თვითმმართველობის არჩევნები, როგორ ფიქრობთ, ხალხი კვლავ გამოუცხადებს ნდობას ,,ქართულ ოცნებას“?
–შესაძლოა სუბიექტური ვიყო, მაგრამ ვფიქრობ დღეს კოალიცია უალტერნატივო ძალაა. წლებია ,,მრეწველებში“ ვარ, როგორც მოგეხსენებათ მრეწველები და კონსერვატორები შეურთდნენ კოალიციას. არ ვამბობ რომ ყველაფერი კარგადაა, თუმცა რიგ საკითხებში სერიოზული პროგრესი გვაქვს. ესაა სიტყვის თვისუფლება, ადამიანის უფლებათა დაცვა, ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურული პროექტები. შესაძლოა მუდმივად არ აპელირებს ხელისუფლება გაკეთებულ საქმეებზე, თუმცა მიმაჩნია წინა ხელისუფლებაზე ნაკლები საქმე არ გაკეთებულა. უბრალოდ ,,ნაციონალური მოძრაობა“ საკმაოდ დიდ რეკლამირებას უკეთებდა საკუთარ საქმიანობას. გვაქვს უამრავი ახალი პროგრამა, რომელიც მოსახლეობას მნიშვნელოვნად წაადგება.



–საკრებულოს მუშაობით თუ ხართ კმაყოფილი, იყო თუ არა თქვენსა და გამგებელს შორის კოორდინაცია?
–ვერ ვიტყვი, რომ საკრებულო არაფერს აკეთებდა და გულზეხელდაკრეფილნი ვისხედით, მაგრამ მიმაჩნია, რომ მეტის გაკეთება შეიძლებოდა. ამავეს თქმა შემიძლია გამგებლის აპარატთან დაკავშირებით. კარგი იქნება კადრების გადახალისება, ახალი სისხლი, ახალგაზრდული ენერგია. კვალიფიკაცია არც არსებულ კადრებს აკლიათ, მაგრამ დღეს სხვა გამოწვევებია, სხვა სტანდარტები.
–თქვენ ,,მრეწველებს“ წარმოადგენთ, ქვეყანაში მძიმე სოციალური მდგომარეობაა, მრეწველობის და ზოგადად ეკონომიკის განვითარება რეალურად გესახებათ?
–რა თქმა უნდა, ნელ–ნელა, ეტაპობრივად ყველაფერი გამოსწორდება. როგორც ჯანდაცვის სისტემა მიუახლოვდა იდეალურ სახეს, ასევე უნდა მოხდეს მრეწველობის შემთხვევაშიც. ჩვენი ახალგაზრდობა არ უნდა გადადიოდეს უცხოეთში მძიმე სამუშაოებზე, ამ კუთხით ხელისუფლებას ძალიან ბევრი აქვს სამუშაო. მრეწველობის განვითარება შექმნის უამრავ სამუშაო ადგილს, ეკონომიკას ფეხზე დააყენებს. სოციალური დახმარების მიცემა მოსახლეობისთვის არ არის გამოსავალი, იმდენად დიდია შემწეობის მიღების მთხოვნელთა რიცხვი, რომ ეს ტრაგედიად იქცა ჩვენს ქვეყანაში. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა იმუშაონ, ასეთი ფულით ირჩინონ თავი და არა სახელმწიფოს მიერ მიცემული შემწეობით. თუკი ხალხი კიდევ ერთხელ გვენდობა, ნამდვილად არ წააგებს. როგორც აღვნიშნე, გვაქვს უამრავი პროგრამა, რომელიც აუცილებლად უნდა გავაცნოთ საზოგადოებას და შემდეგ ერთდ განვახორციელოთ.
გიორგი კილაძე

მოიწონეთ სტატია