`ევროპული საქართველოს~ ყრილობა თბილისში

ჯერ კიდევ ლანჩხუთში ყოფნისას დაიბარეს `ევროპული საქართველოს~ ლიდერებმა, რომ 27 მაისს თბილისში სპორტის სასახლეში პარტიის ყრილობა გაიმართებოდა, სადაც მოხდება პარტიის თავმჯდომარის, გენერალური მდივნის არჩევა და ასევე დასახელდებოდა თბილისის მერობის კანდიდატი.
შაბათს, 27 მაისს თბილისში `ნაციონალური მოძრაობიდან~ გასულმა გუნდმა პოლიტიკური პარტია `მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო~ დააფუძნეს. პარტიას დავით ბაქრაძე უხელმძღვანელებს, გენერალური მდივანი გიგი უგულავა იქნება, თბილისის ორგანიზაციას ირაკლი აბესაძე უხელმძღვანელებს.
დავით ბაქრაძის განცხადებით, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აქტიურად გეგმავენ: `ხშირად მესმის კითხვები, თუ რა არის ჩვენი პოლიტიკური ძალის ამოცანა, რა იქნება ამ პოლიტიკური ცენტრის ამოცანა. მთავარი ამოცანა იქნება იმის ჩვენება, რომ საქართველოში არსებობს ალტერნატივა, რომელიც უკეთეს ცხოვრებამდე მიგვიყვანს, მიგვიყვანს განვითარებამდე, რომელიც ამ ქვეყანაში დააბრუნებს წინსვლის და განვითარების განცდას, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში პრაქტიკულად, წაგვართვა `ქართულმა ოცნებამ~. ჩვენ ყველამ დავინახეთ განვლილ არჩევნებზე, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი უბრალოდ აღარ მონაწილეობს არჩევნებში. ესეც არის უიმედობის ერთ-ერთი ნიშანი. ადამიანები ვერ ხედავენ საკუთარი უკეთესი მომავლის პირობას არჩევნებში მონაწილე ძალებს შორის. ეს არის დღევანდელი რეალობა - ერთ მხარეს არის ხელისუფლება, რომლის იმედიც ხალხს არ აქვს, რომელსაც ვერ მოაქვს და ვერ მოიტანს უკეთესობას წინსვლას და უკეთეს ცხოვრებას ჩვენი ხალხისთვის, ხოლო მეორე მხარეს არის ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი, რომელშიც ასევე ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ვერ ხედავდა საკუთარი უკეთესი მომავლის რეალიზებას. ჩვენ გვსურს ვაჩვენოთ ყველას, რომ ამ მოცემულობაში ასეთი პოლიტიკური ძალა არსებობს... ჩვენ ვგეგმავთ აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ადგილობრივ არჩევნებში და ადგილობრივი არჩევნები იქნება ის პირველი ტესტი, სადაც დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვაჩვენებთ ძალიან სერიოზულ შედეგს. ჩავალთ ყველა რაიონში, მივალთ ხალხთან და დავანახებთ, რომ ადგილობრივ არჩევნებს გააჩნია უზარმაზარი მნიშვნელობა. ჩვენ ხელისუფლების მშვიდობიანი დემონტაჟი სწორედ ადგილებიდან, რაიონებიდან უნდა დავიწყოთ, სოფლებიდან, იქიდან, სადაც ადამიანებს ყველაზე მეტად უჭირთ~.
გიგი უგულავა, პარტიის გენერალური მდივანი: `მოძრაობას ჰქვია „მოძრაობა თავისუფლებისთვის“ იმიტომ რომ ქართველი ადამიანისთვის სიტყვა თავისუფლება არის ყოველთვის ყველაზე ძვირფასი. ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და ყოველდღიურად ვიბრძვით თავისუფლებისთვის. საქართველოს არსებობა ყოველთვის იყო და არის სვლა თავისუფლებისკენ და ეს ნიშნავს მოძრაობას ევროპისკენ, როგორც სიმბოლისკენ ამ თავისუფლების. არანაირი ეკონომიკური კეთილდღეობა, არანაირი წინსვლა და პროგრესი თავისუფლების გარეშე არ არსებობს. არსად ჩვენ რეგიონში თავისუფლების წყურვილი არ არის ისეთი დიდი და ძლიერი, როგორც საქართველოს თითოეულ მოქალაქეში. ჩვენ შეგვიძლია ბევრ უბედურებას, გაჭირვებას გავუძლოთ, მაგრამ თავისუფლებას არასდროს დავთმობთ და ჩვენი მოძრაობა არის ასეთი, ძლიერი, თავზეხელაღებული თავისუფალი ადამიანების მოძრაობა, რომლებიც მშვიდობიანად, მაგრამ აუცილებლად ჩაანაცვლებს ამ უნიათო მთავრობას, რომელიც მხოლოდ ჭაობს გვთავაზობს. საქართველო არასდროს იქნება ქვეყანა, რომელიც დაემსგავსება ჭაობს და არასდროს იქნება ბედნიერი ამ ჭაობში ბაყაყის ყიყინით. ჩვენი ამოცანაა რაც შეიძლება მშვიდობიანად გავისტუმროთ ეს ხელისუფლება, რათა დასრულდეს ის, რაც ქვეყანაში ყოველდღიურად ხდება~.
`ჩემთვის გამარჯვება არ არის ხმების მონადირება, ჩემთვის გამარჯვება თქვენი მხარდაჭერაა. უნდა დამთავრდეს დრო როდესაც ქალაქის მმართველობა არის პოლიტიკური ბრძოლის ველი~ - ელენე ხოშტარია თბილისის მერობის კანდიდატი.
პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში ძირითადად ცნობილი სახეები გაწევრიანდნენ. 91 ადამიანისგან შემდგარი საბჭო მუდმივი არ იქნება და ის გარკვეულ ცვლილებს განიცდის დროთა განმავლობაში.
ლანჩხუთიდან ყრილობას რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა. ლანჩხუთის ოფისის ხელმძღვანელის, ირაკლი მარშანიშვილის თქმით, ყრილობა მართლაც წარმატებული იყო: `ჩვენგან საკმაოდ ბევრი ადამიანი იყო წამოსული. ახლა ხდება პარტიის მშენებლობა და ჩვენი რიგები კიდევ უფრო გაიზრდება. მე ამ ეტაპზე თავმჯდომარის მოვალეობას ვასრულებ. ალბათ, უახლოეს ხანში ჩამოყალიბდება ადგილობრივი ბირთვი. რამდენიმე აქტიური წევრი უკვე შემოგვიერთდა. ჩვენი პირველი გამოწვევა რა თქმა უნდა ადგილობრივი არჩევნები იქნება, სადაც წარმატებების იმედი გვაქვს. მალე პარტიული სიაც შედგება, რომლის პრეზენტაციაც გაიმართება. მოკლედ, ძალიან კმაყოფილები ვბრუნდებით ყრილობიდან და იმ იმედით, რომ ჩვენი გზავნილები მოსახლეობისთვის იქნება ძალიან მკაფიო და საინტერესო.~

 

მოიწონეთ სტატია