მოგონების დღე ჩიბათში და პოეზიის მოტრფიალე დეპუტატი

5 აპრილს, ჩიბათის თემში სოფლის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი შეიკრიბა, რათა პატივი მიეგოთ მიცვალებულთა ხსოვნისათვის. ალბათ, იშვიათად (ან, საერთოდ არ) გსმენიათ მსგავსი ტრადიციის შესახებ, იმდენად გადაღლილია ქართველი ხალხი ყოველდღიური საზრუნავით, ასეთი დიდებული დღეები სანთლით საძებარია. გეტყვით, რომ ტრადიციას საფუძველი ჩაეყარა 1976 წელს, ჟანი კობალავას ინიციატივით. მისი თქმით, ეს ყველაფერი სპონტანურად მოხდა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ სერგო ჩახვაძე და შაქრო სარჯველაძე.
ბატონი ჟანი ამბობს, რომ იესე ჩახვაძის პიროვნებიდან გამომდინარე, მოუვიდა აზრად მოგონების დღის დაარსება. ვინაიდან იესე ჩახვაძე იყო კოლორიტი კაცი, გამორჩეული ნებისმიერ საქმეში, ,,ხუთოსანი პიროვნება“. სწორედ ამიტომ შეირჩა მისი ხსოვნის პატივსაცემად რიცხვი _ 5. როდესაც ეს იდეა დაიბადა, დაემთხვა აპრილის თვე, მას შემდეგ ყოველ 5 აპრილს გადიან სასაფლაოზე, იხსენიებენ მიცვალებულებს და ამის შემდეგ უსხდებიან სუფრას. რაც შეეხება სუფრას, ესეც ტრადიციად აქვთ ქცეული ჩიბათლებს, ყოველ წელიწადს სხვადასხვა ოჯახში იწყობა მაგიდა. ყველას, ვისაც სურვილი აქვს, დებს გარკვეულ თანხას და შესანიშნავი პურ-მარილი გამოდის. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომელიმე წელი ჩაეგდოთ, თუნდაც მცირე ნაწილს. ამჯერად სუფრა ჯონი (გოდერძი) პატარაიას ოჯახში იყო. ყველაზე გაჭირვებულ პერიოდშიც კი ინახებოდა სახსრები იმისათვის, რათა რამოდენიმე საათი მიეძღვნათ გარდაცვლილთათვის. ითქვა უამრავი ისტორია, თუმცა განსაკუთრებით ემოციური იყო ავთო ნარიაშვილის მონაყოლი: ,,ისეთ ცუდ ფინანსურ მდგომარეობაში ვიყავი, თეთრი არ მომეძევებოდა, არადა 5 აპრილი მოდის. შეწუხებული სახით ვარ და შეამჩნია ეს ქალბატონმა ციალა კიკნაძემ, მეხვეწა გინდა თუ არა მითხარი რა ხდებაო, ვუთხარი ასე და ასეა ჩემი საქმე და მგონი შევრცხვი, გამოვტოვო უნდა 5 აპრილობა-მეთქი. თავი მოიკლა, რამდენიმე წველა ყველი მომცა და სირცხვილი მომახდევინა. რა უნდა მოხდეს ამ პიროვნების იმდღევანდელი საქციელი დავივიწყო, თანაც მაშინ ყველას ძალიან უჭირდა.“
ბატონმა ჟანიმ გაიხსენა, რომ 1989 წლის 9 აპრილის წინა სამზადისში იყო ქვეყანა ჩართული, მაგრამ ის ადგა და 4 აპრილს წამოვიდა თბილისიდან, რათა წელი არ ჩავარდნილიყო.
სუფრის ყველაზე მხიარულმა წევრმა, როლანდ ზღულაძემ: `ბიძია არ დაგავიწყდეს მაქანე ჩაწერა, არც ერთი წელი არ გამომიტოვებიაო“.
სუფრას, რა თქმა უნდა, უთამადა საკრებულოს დეპუტატმა, გიორგი ჩახვაძემ. რა თქმა უნდა-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ აქ ვერ წარმოუდგენიათ სხვა თამადა.
ოფიციალური პირებიც ესწრებოდა 5 აპრილობას _ ყოფილი გამგებელი გია გოგუაძე, რომელიც ხშირი სტუმარი ყოფილა ჩიბათლების, საკრებულოს წევრი, სოფლის მკვიდრი ელგუჯა ჩხაიძე, თემის რწმუნებული კობა კუნჭულია...
იყო `პოლიტიკური ხუმრობებიც“. გია გოგუაძემ ჩახვაძეს მიმართა: `ისე თვეში 41-ე რიცხვი რომ იყოს, აუცილებლად გადაიტანდი 5 აპრილობას-ო“.
არც უმრავლესობის ლიდერმა დაუხანა პასუხი, ბატონი გია არ სვამდა და ჩახვაძემ _ `თქვენი პარტიის მოსვლამდე თუ არ სვამთ, ცუდადაა საქმეო.“
ეს იყო და ეს, პოლიტიკაზე საუბარი აღარ ყოფილა და არც შეშვენოდა იმ სუფრას.
სასიამოვნოდ გამაოცა გიორგი ჩახვაძის თამადობამ. ის ქართული პოეზიის დიდი მოტრფიალე აღმოჩნდა. სუფრაზევე დაიგეგმა, რომ გაისად სწორედ ბატონ გიორგისთან გაიშლება პურ-მარილი. ითქვა უამრავი გვარ-სახელი, რომლებიც ამ ტრადიციაში იღებდნენ მონაწილეობას, სამწუხაროდ ყველას ჩამოთვლა აქ შეუძლებელია.
დასასრულ მინდა ვთქვა, რას ემსახურებოდა `ჰო და არას~ ვიზიტი ჩიბათში _ არ შეიძლება ასეთი დღეების შესახებ მკითხველმა არ იცოდეს, უნდა გაიგონ, რომ არსებობს ისეთი ხალხიც, რომლებიც შესაძლოა ოჯახებს აკლებენ იმ პატარა თანხას, მაგრამ არ ივიწყებენ იმ ადამიანებს, რომლებზეც დგას მათი ოჯახები, მტერ-მოყვარე და სინდის-ნამუსი.
მე მჯერა, თუნდაც ის 4-5 საათს, ჩიბათის სასაფლაოზე მკვდარი არ იწვა...
თორნიკე ჯიჯიეშვილი

 


 

მოიწონეთ სტატია