ვის ეხვეწება დღეს ლანჩხუთი დასაქმებას?!

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 2425
ალბათ, ძნელია წარმოიდგინო ლანჩხუთი `აჯანყებული გურულის~ გარეშე, მაგრამ უფრო ძნელი იქნება კეთილმოწყობილი ქალაქის წარმოდგენა.
თბილისი სინათლის ქალაქიაო, სიღნაღი სიყვარულის, ლანჩხუთი კი ჩემი აზრით, ანტისანიტარიის. აქ უამრავ დანგრეულ, მიტოვებულ შენობასთან ერთად ყველაზე მეტად თვალშისაცემია გარემოვაჭრეთა აურზაური, მიყრილ-მოყრილი ხილი, საქონელი, პარკები, ირგვლივ ტალახის გუბეები და თევზის აუტანელი სუნი. ეს მაშინ, როდესაც შესაძლებელია მოვაჭრეების არსებულ ბაზარში გადაყვანა, ან ახალი ფართის ათვისება და მათზე მიქირავება. წარმოუდგენლად ძნელია ქალაქში ისე გავლა, რომ ადამიანი არ დაისვაროს და დისკომფორტი არ შეექმნას. საინტერესოა ისიც, რომ აქ მყიდველზე მეტი _ ფასის მკითხველია. მოვაჭრეები ჩივიან, რომ ხანდახან მათი დღიური ნავაჭრი 2-3 ლარს არ აღემატება, მათი უმრავლესობა პენსიონერია და იმის გამო რომ 180 ლარი წამალში არ ჰყოფნით კიდევ უფრო იავადმყოფებენ თავს წვიმაში, ქარსა თუ თოვლში გარეთ ვაჭრობით.
თვალში საცემია ბინძური ქუჩები, მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ მეეზოვეები კარგად მუშაობენო. აქ უკვე იმ საზოგადოების შინაგან კულტურასთან გვაქვს საქმე, ვინც ამას აკეთებს. ქალაქის `სილამაზეს~ წარმოადგენს `ავტოსადგური~, იგივე ბაზარი. აქ ტრანსპორტთან მისვლამდე ყურს ხვდება შემდეგი კითხვები _ რა ღირს ბანანა, კარტოფილი, ვაშლი? ცოტა მორცხვად, თუმცა მაინც ისმის პასუხად _ 4 ლარი, 1 ლარი, 3 ლარი და ფასის მკითხველიც ერთს მამაპაპურად უკურთხებს მთავრობასაც და გამყიდველსაც.
დაინახავთ გადატეხვამდე წელში გაჯგიმულ ჩინელებსაც, რატომაც არა, გურული კაცისა არ იყოს `აი დუნია მაგენისაა~.
სწორედ კომპანიას და ჩინელებს ეხვეწება დღეს მთელი ლანჩხუთი დასაქმებას.
ერთ-ერთ გამვლელს ვკითხე მოგწონთ ეს სიტუაცია-მეთქი? მან ისეთი სახე მიიღო, მივხვდი ეს შეკითხვა უადგილო იყო.
_ მიმიფურთხებია, შვილო, ისეთი ქვეყნისთვის და რაიონისთვის, ჩვენსავე მიწაზე ჩინელების მონად რომ გვაქციაო.
ახლობელის ან უბრალოდ ნაცნობის ნახვა თუ გინდა, მაშინ საბანკო ან სააფთიაქო ქსელში უნდა შეხვიდე, აქ მუდამ რიგებია. პროცედურა შემდეგნაირია, მიდიხარ ბანკში ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, იღებ მათგან ზემაღალ პროცენტში სესხს და მერე უცდი ფარმაცევტის მომსახურებას საათები.
ვთქვათ მოგინდათ ბავშვის გასეირნება ქალაქში ან ბაღში (პარკში) _ ეს უკვე დიდი შეცდომაა. დამიჯერეთ ოთახის მძიმე ჰაერი ბევრად უკეთესია მათთვის, ვიდრე ის სანახაობა, რაც მათ `პარკში~ დახვდებათ.
არ ვიცი დაგეგმილია თუ არა პარკის კეთილმოწყობა ამ საუკუნეში, თუმცა ახლა იქ მისული ვერც სკამზე დასხდებით, იმიტომ რომ არ არის და ვერც კარუსელს ან მსგავს გასართობს იპოვნით.
ქალაქში კეთილმოწყობილი მხოლოდ ზემოთ აღნიშნული საბანკო და სააფთიაქო შენობებია. `პრესის~ ჯიხურები სამწუხაროდ ვერ აუდის სიგარეტის გაყიდვას, რა თქმა უნდა, იყიდება `პრესაც~, თუმცა `ხურდების~ არქონის გამო ხშირად `კაი იყოს მერე გამოვიარ~ ისმის.
ამ `ღირსშესანიშნაობების~ ნახვის დროს მოხუცი კაცის ყვირილი გავიგონე, რომელიც საკმაოდ უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა მთავრობას, ვცადე დამემშვიდებინა, თუმცა ის უფრო უმატებდა ლანძღვა-გინებას.
_ ბაბუ რა მოხდა? _ ვკითხე.
_ რა რაღა მოხდა შვილო, ესენი არიან უთოფო ყაჩაღები, დაანგრიეს, დააქციეს ქვეყანა, რაიონი. წამალი ვეღარ შემიძენია, საკვები, პრესას ვეღარ ვეცნობი უსახსრობის გამო, რათ გინდათ დამოუკიდებლობა თქვე უბედურიშვილებო, თუ იცით ამ სიტყვის მნიშვნელობა და პატივისცემა.
კიდევ ბევრს `ისაუბრებდა~ მოხუცი, თუმცა მის განწირულ ბრძოლას უსამართლობის წინააღმდეგ, მის აკანკალებულ სხეულს ცარიელი ნუგეში ვერაფერს უშველიდა და გავეცალე.
ამ დროს სახაჭაპურესთან პატარა ბიჭმა ჩამოიარა და იკითხა 50 თეთრიანი ხაჭაპური თუ გაქვთო, არა, მარტო ლარიანები დაგვრჩაო, უპასუხეს. თავჩაქინდრულმა პატარამ ნერწყვი გადაყლაპა და გზა გააგრძელა... ვეღარ შევძელი ჩემი დაკვირვება, გამეგრძელებინა და მეც ჩამოვჯექი სკამზე.
P.შ. ისევ ვხედავდი მოხუცს, რომელიც უფრო ხმამაღლა გაჰყვიროდა და გამახსენდა ტატო ბარათაშვილი: `ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულისკვეთება~.
ეჰ, ბაბუ, ბაბუ!..
თორნიკე ჯიჯიეშვილი