როგორ შეხვდით შობა-ახალი წლის დღესასწაულებს?

რას ფიქრობს ხალხი
ლიანა ქურიძე, 64 წლის: _ ჩვეულებრივად, როგორც წინა წლებში ვხვდბოდით, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ყველაფერზე ფასები მომატებული იყო. ახალი წლის დღესასწაულები განსაკუთრებულია. ამიტომ განსაკუთრებულად უნდა დახვედრა.
რამაზ მექვაბიშვილი, 50 წლის: _ შობა-ახალი წლის დღესასწაული ყველასათვის საყვარელი და განსაკუთრებული დღესასწაულია, მეც ძალიან მიყვარს და ცდილობ ყოველთვის საკადრისად შევხვდე, თუ რა თქმა უნდა, ამის საშუალებაც მიწყობს ხელს. თუმცა, ამჟამად ისე ვერ ვხვდებით, როგორც საჭიროა. ხალხი დაუსაქმებელია და შესაბამისად ფული არა აქვთ, მაგრამ ამ დროისთვის ყველა რაღაცას მაინც ახერხებს, რომ სიკეთე და სიუხვე დაიბედოს.
თამარ გუჯაბიძე, 65 წლის: _ ახალი წლის დღესასწაული ყოველთვის განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს, ამას ჩვენი ტრადიციაც უწყობს ხელს. ჩვენი წინაპრები წინასწარ ემზადებოდნენ შობა-ახალი წლისთვის. მართალია, მაშინაც გაჭირვება იყო, მაგრამ მაინც მრავალფეროვანი და უხვი სუფრით ეგებებოდნენ ახალ წელს, რომ შემდეგ ყველაფერი საუკეთესო დაჰბედებოდათ. ახლა ცხოვრება ისე გართულდა, რომ ეკონომიკურად ყველას ძალიან უჭირს. ძალიან მინდა ყველაფერი კარგად იყოს, მაგრამ საშუალება არა მაქვს. მარტო პენსიით საახალწლო პროდუქტებს ვერ იყიდი. ამ ფულმა ხომ მთლად დაკარგა ფასი. ამის გამო ხალისიც დაიკარგა და ყველაფერი გაუფერულდა.
ნიკა გოგოლაშვილი, 45 წლის: _ შობა-ახალი წლის დღესასწაულები ყველა დღესასწაულზე უფრო მეტად მიყვარს და ამ დღეებში ყოველთვის ვმხიარულობ და ვქეიფობ. წელსაც შესანიშნავად გავატარე. ყველას ვუსურვებ სიუხვე და სიკეთე დაჰბედებოდეს.
პლატონ ოკუჯავა, 68 წლის: _ შობა-ახალ წელი განსაკუთრებული დღესასწაულია და განსაკუთრებითაც უნდა აღინიშნოს, ჩვენც გაჭირვებით, მაგრამ მაინც რაღაცით ვახერხებთ, რომ ამ დღეს ლამაზად შევეგებოთ. პროდუქტებსზე ფასებს ხომ `ცეცხლი ეკიდება~, ამიტომ სადღესასწაულო სუფრაც ისეთი არ არის, როგორიც უნდა იყოს. ერთ გაჭირვებულ ადამიანს ეკლესიის მსახურმა დაეხმარა და საახალწლოდ ყველაფერი მიუტანა, როგორც თქვენ გაზეთში წავიკითხეთ. ჩვენს დროში კი ეკლესიის ასეთი მსახურები ცოტანი არიან. ისინი მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის ამთავრებენ სასულიერო სასწავლებლებს, მათთან კი ბოდიშიც მომიხდია, რომლებიც მხოლოდ მოწოდებით არიან მოძღვრები. იმას ვიტყვი, რომ დღევანდელ გაჭირვებულ დროში ახალი წელი და სხვა დღესასწაულები მაშინ არის კარგი, როცა შიმშილით კუჭი არ გიხმება.
თორნიკე კვიტაიშვილი, 66 წლის: _ ჩვეულებრივად ჩაიარა შობა-ახალი წლის დღეებმა. მართალია წინა წლებში უფრო უხვი სუფრით ვხდებოდით დღესასწაულებს, მაგრამ ახლა ქვეყანაში გაჭირვებაა და ჩვენც შეძლებისდაგვარად ვხვდებით ასეთ დღეებს.
ანგელინა ღამბაშიძე, 57 წლის: _ შობა-ახალი წლის დღესასწაული განსაკუთრებით ლამაზი და შთამბეჭდავი დღესასწაულებია და ჩვენც როგორც საშუალება გვაქვს, ისე ვხვდებით. ამ დღეებისთვის წინასწარ ვემზადებით და ფულსაც ვზოგავთ, რომ უკეთ გავითენოთ ახალი წლის დღეები და სიუხვე და სიკეთე დაგვებედოს.

 


 

მოიწონეთ სტატია