რამდენი ვართ

ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივობა 3000 წლოვან ისტორიას ითვლის. ჯერ კიდევ ათეულობით საუკუნის წინ ისეთი საქართველო იყო, რომელსაც მჭიდრო კავშირები ჰქონდა მაშინდელი მსოფლიო ცივილიზაციის ფუძემდებელ ქვეყნებთან. ძველი წელთაღრიცხვიდან მოდის ქართული სახელმწიფოს არსებობა და მან ძალიან ბევრს გაუძლო. მაშინ როდესაც ბევრი იმპერია და სახელმწიფო მსოფლიო რუკიდან გაქრა საქართველო გადარჩა. მართალია, ისეთივე ძლიერი და ვრცელი აღარ არის, როგორც ეს დავითის ან თამარის ეპოქაში იყო, მაგრამ ქართული დროშა, ქართული ენა და ქართული ტრადიცია ისევ იკავებს თავის მოკრძალებულ ადგილს თანამედროვე მსოფლიოს თანამეგობრობაში.
ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა 3,72 მილიონია (2016 წლის პირველ იანვრის მონაცემებით). ეს ის ხალხია, რომელიც ჩვენთან ცხოვრობს, თორემ ისე გაცილებით მეტნი ვართ. დაახლოებით 2 მილიონამდე ქართველია წასული უცხოეთში, რათა იქ იშოვოს ის სამუშაო თუ ლუკმა პური, რომელიც შემდგომ აქ დარჩენილ ოჯახის წევრებს წაადგება. არადა, 25 წელია გვესმის, რომ ქართველების დაბრუნება უნდა მოხდეს და ამისთვის ბევრი რამ კეთდებაო. დაბრუნებული არ ვიცი, მაგრამ ქართველ ემიგრანტთა რიცხვი ყოველთვიურად იზრდება.
როდის ვიყავით ყველაზე მეტნი?!
ბუნებრივია მაშინ, როდესაც ქვეყნის განვითარება მაღალ დონეზე იყო. ეს განსაკუთრებით XI-XII საუკუნეებში იყო. როცა დავით აღმაშენებელი ტახტზე ავიდა ქვეყნის მოსახლეობა იმდენად იყო შემცირებული, რომ მეომრის ძებნაც კი სჭირდა. ამიტომაც მოხდა ყივჩაღების ჩამოსახლება საქართველოში. შემდგომ ნელ-ნელა დამყარდა მშვიდობა და როცა დავითის მემკვიდრეებმა ქვეყნის სადავეები ხელში აიღეს უკვე ქართველობა საკმაოდ მოძლიერებული იყო. გადმოცემით, თამარ მეფის ზეობის ხანაში 12 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა.
ყველა აღმართს დაღმართი მოსდევს და ასე მოხდა ჩვენთანაც. გარეშე მტრებმა თუ შინაურმა ქიშპობამ მე-15 საუკუნის მეორე ნახევარში ერთიანი საქართველო ნაწილებად დაშალა. ქვეყნის გარკვეული ნაწილი ოსმალთა იმპერიაში გადავიდა. შემდგომ იყო სპარსელთა შემოსევები ათასობით ქართველის გადასახლება ფერეიდანში. ამ ყოველივეს აჭარის თურქეთთან 300 წლიანი იძულებითი მიერთება მოჰყვა და ნელ-ნელა კი არა, სწრაფად მცირდებოდა ქართველთა რიცხვი ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში. ცალკე ტყვეთა გაყიდვა დაემატა, როცა ქართველი ქართველს არ ინდობდა და დღევანდელი ეგვიპტისა თუ ერაყის ტერიტორიაზე ათასობით ქართველი აღმოჩნდა გაყიდულ-გასხვისებული.
იყო მცირედი გამონათებები, მაგრამ ეს ყოველივე 1801 წელს რუსეთმა დაასრულა. მანამდე გახლდათ 1783 წელი და გეორგიევსკის ტრაქტატით ცნობილი შეთანხმება. მაშინ ქართველთა რაოდენობა 700 ათასამდე იყო სულ დარჩენილი.
ცარიზმის მმართველობის დამყარებამ ბევრი პრობლემა შექმნა ისედაც მცირედ დარჩენილ ქართველობაში. თუმც, მაინც გავმრავლდით, მაინც არ გავნადგურდით და ასე წვალებ-წვალებით მოვედით დღემდე.
ცარიზმის მმართველობის დასრულებას 3 წლიანი დამოუკიდებლობა მოჰყვა. მაშინაც არ გვეღირსა სიმშვიდე და მტერი ყველა მხრიდან გვიტევდა. ბოლოს ისე მოხდა, რომ საქართველოში საბჭოთა წყობილება დამყარდა, რომელმაც ჯერ 1924 წლის სისხლიანი დღეები გვაჩუქა, ხოლო შემდეგ 1937 და 1951-52 წლები.
იყო კიდევ მეორე მსოფლიო ომი და ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული 300 ათას ქართველზე მეტი.
ერთი ლანჩხუთელი იგონებდა: `მეორე მსოფლიო ომში ჩემი უბნიდან, ისევე როგორც მთელი ქვეყნიდან, თითქმის ყველა საჯიშე ბიჭი გაიწვიეს. ნახევარზე მეტი უკან აღარ დაბრუნებულა. მათი სახელი და კერა წაიშალა. კი, მოგონებებში დარჩა, მაგრამ მათი შთამომავალი აღარ დარჩენილა. კიდევ ერთი ფაქტი იყო ისიც, რომ ომის წლებში ბავშვების დაბადება იშვიათობა იყო. ამიტომაც სტატისტიკას რომ გადახედო _ 1943-1945 წლებში დაბადებულთა რიცხვი საკმაოდ დაბალია. შესაბამისად, ის დანაკარგი, რომელიც ჩვენ მაშინ ვიწვნიეთ გაცილებით დიდი იყო~.
გასულ საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს გვითხრეს, რომ 5 მილიონი ვიყავით. 1988 წლის საყოველთაო აღწერით ასეთი ციფრი დაიდო. მაშინ მრავალშვილიანობა გარკვეულ წახალისებებს მოიცავდა და ეს დამატებითი სტიმული გახლდათ.
90-იანი წლების მოვლენებმა ქართველთა რიცხოვნობა შეამცირა. 1988 წლის აღწერიდან თითქმის 30 წლის შემდეგ 1,5 მილიონით ნაკლები ადამიანი ცხოვრობს ჩვენს ქვეყანაში.
ბოლო 30 წლის მანძილზე ბევრ ქვეყანაში მოსახლეობა არათუ შემცირდა, ლამის გაორმაგდა. ამის უმთავრესი მიზეზი ეკონომიკური წინსვლები და ის წახალისებებია, რომელიც ამ ქვეყნების ხელისუფლების მიერ არის გატარებული მრავალშვილიანობასთან დაკავშირებით.
ეკონომიკური წინსვლების ჩვენს ქვეყანაში მარტო მთავრობას სჯერა უფრო, ვიდრე მოსახლეობას, რადგან მათი შემოსავლის წყარო ისევ იგივე რჩება, ხოლო გასავალი დღითი-დღე იზრდება.
მართალია, დემოგრაფიული გამოცოცხლების კუთხით ხელისუფლებამ მე-3 და მომდევნო შვილზე 2 წლამდე ყოველთვიური შემწეობა დააწესა, მაგრამ ლარის ჭირვეულობამ ეს წახალისება ძალიან გააუფასურა. შესაბამისად, 150 თუ 200 ლარიან შემწეობას დიდი ცვლილებები არ გამოუწვევია.
ერთ-ერთი გამორჩეული ნათელი წერტილი დემოგრაფიული მდგომარეობის ზრდის კუთხით პატრიარქის განცხადებაა. როცა მან თქვა, რომ ის მონათლავდა ოჯახის მესამე და მომდევნო შვილს. ქართველების ნაწილმა პატრიარქის დანათესავების სურვილით გადადგეს ეს ნაბიჯი.
გაეროს მონაცემებით, რომელიც ყოველწლიურად ქვეყნდება, საქართველო იმ ქვეყნების რიცხვში შედის, რომელსაც პოტენციურად მოსახლეობის შემცირება ემუქრება, ვიდრე ზრდა. ეს მრავალი ფაქტორით არის განპიროვნებული.
სტატისტიკის სამსახური მონაცემით: ბოლო 15 წლის მანძილზე საქართველოში 695 093 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო დაიბადა 809 888. მართალია, სხვაობა 100 ათას ადამიანზე მეტია, მაგრამ მაგრამ ქვეყნიდან გასული მოსახლეობის რიცხვის სწრაფი ზრდა ოპტიმზის საფუძველს მაინც ვერ იძლევა.

 


 

მოიწონეთ სტატია