ჩოლობარგის მოსახლეობა და პატრული შველას `ჰო და არასგან~ ელოდებიან!!!

რამდენიმე დღის წინ, `ჰო და არას~ სოფელ ჩოლობარგის მოსახლეობა დაუკავშირდა და ავტომაგისტრალზე არსებული პრობლემის შესახებ აცნობა. რედაქციის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე ჩავედით და საკუთარი თვალით ვნახეთ ბოლო დღეებში მომხდარი ათამდე ავარიიდან ერთ-ერთის მძიმე შედეგი _ ამჯერად ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს, რომელთაგან ერთი ფაქტობრივად უვარგისია, რაც ფოტოზეც კარგად ჩანს, ხოლო მეორე გზისპირა არხში გახლდათ ამოყირავებული. ადგილზე უკვე იმყოფებოდა საპატრულო ეკიპაჟი.
როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, ავარიის მიზეზი გზის კონკრეტულ მონაკვეთზე მაგისტრალის გასწვრივ გამავალი წყლის დაზიანებული მილიდან ასფალტზე დაღვრილი წყალია. `რამდენჯერ არ ვითხოვეთ ამ პრობლემის მოგვარება, ვისთან არ ვიყავით, ყველა სამსახურმა იცის, მაგრამ არავისგან რეაგირება არ არის _ მათ შორის, იმათგან, ვისაც ამ მილის დაზიანების მოგვარება ევალება. ეს წყალი ისხმება ასფალზე, მუდმივად მიედინება და ყინვაში მძღოლებისთვის საფრთხეს ქმნის. სოფლის ხელმძღვანელობაც საქმის კურსშია, მაგრამ რეაგირება ჯერ არაფერია. ახლა თქვენი გაზეთის იმედი გვაქვს, რომ დაწერთ, იქნება, ვისაც ევალება ყურადღება მოგვაქციოს, ან მისმა მაკონტროლებელმა მაინც, თორემ ვიწვით ავარიაში მოხვედილთა საცოდაობით. მარტო ბოლო დღეებში 10 ავარია მოხდა და ღმერთით, ადამიანური მსხვერპლი არ არის და მაშინ მოგვაქცევენ ყურადღებას, როცა ვინმე დაიღუპება? სანამ დროა, გავაგებინოთ, ვისაც ამ პრობლემის მოგვარება შეუძლია~ _ აცხადებდნენ შეკრებილი ჩოლობარგელები.
ისინი ღიად გამოხატავდნენ პრეტენზიებს `ტექსერვისის~, საგზაოსა და ადგილობრივი ხელისუფლების, განსაკუთრებით სოფლის რწმუნებულის მიმართ. ჩვენი იქ ყოფნის დროს, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა საგზაოს წარმომადგენელი.
`ჰო და არა~ საპატრულო ეკიპაჟის წარმომადგენლებსაც გაესაუბრა. მათი განცხადებით, ყველა შესაბამისი სამსახური საქმის კურშია, რაც ჩვენ გვევალება, ყველას ვაცნობეთო, თუმცა აღიარეს, რომ ამ ეტაპზე, ჯერჯერობით რეაგირება არ არის და მძღოლებისთვის აღნიშნული მონაკვეთი კვლავ სახიფათო რჩება. `ვის არ მივმართეთ, მაგრამ ეს პრობლემა ისევ მოუგვარებელია. თუ გვიშველით და ამ პრობლემას მოგვაგვარებინებთ, თქვენი მადლობელი ვიქნებით~ _ თავისი გულისტკივილი გაგვიზიარა საპატრულო ეკიპაჟის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.
`ამ ადგილზე დამეღუპა დედა და მამა და ამიტომაც არის, ამდენს რომ ვაქტიურობ. სანამ კვლავ ტრაგედია არ დატრიალდება, მანამდე უნდა მივიღოთ ზომები~ _ განაცხადა ჩოლობარგელმა რუსუდან კობალავამ.

 


 

მოიწონეთ სტატია