ვინ დგას ლანჩხუთში დაგეგმილი `სამთავრობო ამბოხის~ უკან?!

როგორც ჩანს, ამ მოწვევის საკრებულოსთვის ბოლო წელი საკმაოდ ხმაურიანი იქნება. ამის დასტური ამ დღეებში განვითარებული მოვლენებია, როცა უმრავლესობაში შემავალმა ფრაქციებმა ღიად დააფიქსირეს, რომ ისინი ასე გაჩერებას არ აპირებენ. `სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს~ _ პრინციპით `გამოფხიზლებული~ საკრებულოს წევრები შესაძლოა მალე ახალ–ახალი სკანდალების მიზეზებიც გახდნენ. კულუარებში ღიად საუბრობენ, რომ ახალი წლის შემდგომ დიდი გადაადგილებები შეიძლება ვიხილოთ 31 კაციან საკრებულოში, რომლის დიდ უმრავლესობას 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე `ქართული ოცნება~ და მასში შემავალი პარტიები ფლობდა.
პირველი ბზარი, რომელიც საკრებულოში გაჩნდა პირველივე სხდომაზე გამოიკვეთა. მაშინ საკრებულოს თავმჯდომარის, მოადგილის და კომისიების ხელმძღვანელების არჩევა მოხდა. მართალია, ყველა საკვანძო ადგილი `ოცნების~ მესვეურებმა დაიკავეს, მაგრამ ეთიკის კომისიის თავკაცის არჩევნებმა ცხადყო, რომ უმრავლესობაში შემავალმა 2 დეპუტატმა მხარი მათ კანდიდატს რომან ბიწაძეს არ დაუჭირა და ბიულეტენში ოპოზიციონერი გია გოგუაძე შემოხაზა. მოგვიანებით რომან ბიწაძემ განაცხადა, რომ მისთვის ცნობილი იყო იმ 2 პირის ვინაობა, რომელმაც მის კონკურენტს მისცა ხმა, თუმცა გვარები არ დაუსახელებია. საკრებულოს პირველი სხდომა იმითაც იყო გამორჩეული, რომ სამთავრობო კანდიდატების ნომრები საეჭვოდ იყო შემოხაზული. როგორც ოპოზიცია ამბობდა, არასაიმედო პირებს გარკვეული მითითებები მისცეს, თორემ ისე იცოდნენ რამდენიმე კომისიაში საკუთარ კანდიდატს ვერ გაიყვანდნენო.
სკანდალები არც შემდგომ დაკლებია საკრებულოს. მას შემდეგ, რაც ზემოთ `თავისუფალი დემოკრატებისა~ და `ოცნების~ გზები გაიყო, ჯერი ლანჩხუთზეც მიდგა და ფრაქცია `ქართული ოცნება–თავისუფალი დემოკრატები~ დაიშალა.
ერთ–ერთი სკანდალური ალბათ, `ლანჩხუთი ევროატლანტიკური მომავლისათვის~ შექმნა იყო. როცა `თავისუფალი დემოკრატი~ ელგუჯა ჩხაიძე გია გოგუაძესა და კახა ასკურავას გვერდით აღმოჩნდა. ეს ფრაქცია იმითაც არის გამორჩეული, რომ ხშირად გამხდარა თავდასხმის ობიექტი. ამის გამო ის საკრებულოს სხდომებს ბოლო ხანებში თითქმის არც ესწრებოდა.
საკრებულოში ასევე საინტერესო იყო ფრაქცია `მეტი ქალი პოლიტიკაში~ შექმნა. ერთმანეთის თანამოზიარენი აღმოჩნდნენ ბურჯანაძის პარტიიდან ნონა მურვანიძე, `პატრიოტთა ალიანსიდან~ დარეჯან ბურჭულაძე და `ეროვნული ფორუმიდან~ ელისო ჭიჭინაძე. ფრაქციის შექმნას სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. სამანდატო და ეთიკის კომისიის თავკაცმა მათ პარტიული კუთვნილების მოწესრიგება ურჩია. თავის მხრივ ფრაქციის მესვეურებმა ის ხელშეშლაში დაადანაშაულეს. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ფრაქცია მაინც ჩამოყალიბდა. ამის შემდეგ კიდევ ერთი ხმაური იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ `პატრიოტთა ალიანსიდან~ გადეპუტატებულმა ომარ გოგიჩაიშვილმა, სადაც ერთი `პატრიოტია~, იქაც მე უნდა ვიყოო და ახალ ფრაქციას შეუერთდა. თუმცა, ბოლო ინფორმაციით, მან ფრაქცია დატოვა.
საკრებულოში მარჯვენა მხარე ყოველთვის გამორჩეული იყო, რადგან ამ მხარეს ოპოზიციის მესვეურები სხედან ძირითადად და შესაბამისად, მათგან კრიტიკა და შენიშვნები ხშირად მოუსმენია უმრავლესობას და ოფიციოზს. თუმც, იმასაც ვერ ვიტყვით, რომ მარცხენა მხარე არ აფიქსირებს ხოლმე თავის პოზიციას. ამის ყველაზე ხმაურიანი დასტური ბოლოს დღეებში განვითარებული მოვლენებია, როცა საბოტაჟში დადანაშაულებულებმა დემარში მოაწყვეს და საკრებულო სხდომა დატოვეს.
წინდაწინ იყო ცნობილი, რომ საკრებულოს უმრავლესობაში ბზარები გაჩნდა და ამის გამოძახილი საკრებულოს რიგგარეშე სხდომა იქნებოდა. აქტიურად მიდიოდა საუბარი, რომ საკრებულო ფეხბურთის თემასაც გვარაიანად გააკრიტიკებდა და ასეც მოხდა.
მოკლედ, საკრებულოს მმართველი გუნდის ერთიანობა `წამებში~ ხოხოლასავით ჩამოიშალა. თუმცა, ყველა თანხმდება, რომ ეს `წამები~ დიდი ხნის წინ დაიწყო. ამის ერთ-ერთი დასტური `ახალი უმრავლესობის~ მიერ გაკეთებული განცხადების ფრანგმენტია: `გამოვიყვანოთ საკრებულო გამგებლისადმი ვასალური დამოკიდებულებიდან~.
საკრებულოს ნაწილმა იხუვლა და განგაშის ზარები შემოკრეს, ოფიციალურად ჯერ კიდევ დარჩენილ, უმრავლესობაში. კულუარებში უკვე დასახელდა გვარები, რომლებიც ფრაქცია `ქართულ ოცნებაში~ არიან გაწევრიანებული, მაგრამ `ახალ უმრავლესობაში~ შეიძლება ვიხილოთ.
`ჰო და არას~ ინფორმაციით, 28 დეკემბერს საკრებულოში 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაა ჩანიშნული. მისი საჯარო განხილვა გუშინ უნდა შემდგარიყო, მაგრამ გადაიდო. 28–ში კი საკრებულოს სხდომაა დაგეგმილი.
მართალია, ბიუჯეტის ახალი ვერსია წარედგინათ დეპუტატებს, მაგრამ მათი ნაწილი ლანჩხუთის მთავარ საფინანსო დოკუმენტს მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ ჩვენი ინფორმაციით ოფიციოზი საქმის კურსში წინდაწინ იყო და რამდენიმე საკვანძო საკითხის გათვალისწინებაც მოხდა წარმოდგენილ ვარიანტში.
`ჰო და არას~ ისიც აცნობეს, რომ ბიუჯეტის დამტკიცების ვადა საკრებულოს მარტამდე აქვს. შესაბამისად, მომდევნო 2 თვეში გვარიანი ცვლილებებია მოსალოდნელი.
ჩვენი კიდევ ერთი ექსკლუზიური ინფორმაციით, არც ის გამოირიცხება, რომ `ახალმა უმრავლესობამ~ საკრებულოს წინაშე `ალტერნატიული ბიუჯეტი~ გამოიტანოს.
საუბრები მიდის სკამების ახალ გადანაწილებაზეც. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მაშინ როდესაც საკრებულოს სხდომათა დარბაზში `ახალი უმრავლესობა~ იკრიბებოდა, საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში ფრაქცია `ქართული–ოცნების~ სხდომა მიმდინარეობდა, რომელიც დახურულ ფორმატში წარიმართა და მას მუნიციპალიტეტის გამგებელიც დაესწრო. რა გახდა სხდომის დახურვის მიზეზი უცნობია, მაგრამ როგორც კულუარებში ამბობენ, მანამდე საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში გვარიანი შეხლა-შემოხლა ყოფილა. შესაბამისად, გავრცელებული ცნობა, რომ ყველაფერი წესრიგში არ არის, `ოცნებამაც~ `აღიარა~.
რა გადაადგილებებს უნდა ველოდოთ უახლოეს ხანებში საკრებულოში?!
თუ `ახალმა უმრავლესობამ~ პოზიციები შეინარჩუნა და დაანონსებული მატება რეალურად მოხდა, მაშინ რამდენიმე საკადრო ცვლილება გარდაუვალი ჩანს. პირველი ცნობით, ეს საფრთხე ამ ეტაპზე არ ემუქრება საკრებულოს თავკაცს. როგორც ამბობენ, გოგი ხელაძეს `ახალი უმრავლესობიდან~ გარანტიები აქვს მიღებული. ცვლილება შეიძლება შეეხოს `ახალ უმრავლესობაში~ გაწევრიანებულ თავმჯდომარის მოადგილეს, გელა კილაძეს. ის საკრებულოს მუშაობაში ბოლო ხანებია აქტიურად არც არის ჩართული და ამიტომ, ჩვენი ინფორაციით, თავადაც უსურვებია გვერდით გადგომა და სხვისთვის მოადგილის პოსტის დათმობა. ხელაძის მოადგილის სავარაუდო კანდიდატების დასახელებაც უკვე მოხდა. საუბარია ასევე ერთ-ერთი კომისიის ხელმძღვანელის პოსტზეც. ჩვენთვის ასევე ისიც გახდა ცნობილი, რომ თავმჯდომარის მოადგილის პოსტი ერთ-ერთი კომისიის თავკაცს შესთავაზეს. სამაგიეროდ, ის `ახალ უმრავლესობაში~ ღიად უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ ბოლო მომენტში შეთანხმება არ შედგა.
`ჰო და არას~ ინფორმაციით, საკადრო ცვლილებებზე აქტიური საუბრები მას შემდეგ წავა, როცა `ზემოდან~ დარეკავენ.
როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, სანამ `ახალი უმრავლესობა~ ოფიციალურ სახეს მიიღებდა, მანამდე კონსულტაციები სამთავრობო ეშელონების მაღალ დონეზე მიმდინარეობდა. შესაბამისად, სანამ ზემოდან გარანტიები არ ჩამოვიდა, მანამდე `ბუნტი~ არ შედგა.
ვინ არის ის ადამიანი, რომელიც ზემოდან `მართავს სიტუაციას~ ოფიციალურ დონეზე არ სახელდება. ამ ეტაპზე ამბობენ იმას, რომ საუბარია ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ გავლენიან პარლამენტარზე, რომელსაც ლანჩხუთთან ახლო ურთიერთობებიც აკავშირებს.
ასე რომ, რამდენიმე კვირაში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ძალთა ახალი გადაადგილება შეიძლება ვიხილოთ. რამდენიმე თვეში ახალი ადგილობრივი არჩევნები გაიმართება და უკვე დაიწყო ბრძოლა იმისთვის, თუ ვინ მოხვდება მომდევნო საკრებულოში და რა ძალით.
მართალია, `ახალ უმრავლესობაში~ გაერთიანებას საქმის კეთების სურვილით ხსნიან, მაგრამ კულუარებში იმაზე მიუთითებენ, რომ `დროა მომავალ საკრებულოზეც ვიფიქროთო~.

 


 

მოიწონეთ სტატია