`ლანჩხუთელი~ სტალინის დაბრუნება

რამდენიმე წელია ლანჩხუთში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მიმდებარედ იოსებ სტალინის ბიუსტი დგას.
საბჭოთა წყობის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონის მიმართ გურულებს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მუდამ ჰქონდათ. მართალია, ბოლო წლებში მის მიმართ აქტიური სიყვარული მინელდა, მაგრამ დღესაც არიან ლანჩხუთში ადამიანები, რომლებიც სტალინის სადღეგრძელოს ფეხზე ამდგარი სვამენ და პროლეტარიატს მისტირიან.
მართალია, ლანჩხუთში დიდი ბელადის ბიუსტი წლების წინ წამოჭიმეს, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში მას რამდენჯერმე დაესხნენ თავს. განსაკუთრებით გამორჩეული ბოლო წლებია. ყოველივე კი ლანჩხუთში გამართულ ფეხბურთს უკავშირდება ხოლმე. მოგეხსენებათ, `გურია~ ეროვნულ ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამოდიოდა ბოლო წლები და შესაბამისად ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ფლაგმანთან თბილისის `დინამოსთან~ უწევდა ხოლმე პაექრობა. ლანჩხუთში გამართული შეხვედრა სტალინის ბიუსტისთვის `დამღუპველი~ იყო. გამოიარდნენ ფეხბურთის თბილისელი ფანები `ჩვენებურ~ სტალინს ხან საღებავს შეასხამდნენ, ხან ცხვირს მოატეხდნენ და გაუყვებოდნენ გზას. ატყდებოდა განგაში ლანჩხუთელ სტალინელებს შორის, მიმართავდნენ პოლიციას და დაიწყებოდა მოკვლევა. ამასობაში ეს ფანები თავიანთ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნებდნენ დიდი ოვაციით, რომ `ლანჩხუთელ~ სტალინს ჭკუა ასწავლეს.
აღნიშნულ თემას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. ნაწილი ამბობდა, რომ სტალინის ბიუსტი საბჭოთა სიმბოლიკის გადმონაშთია და კანონით მისი არსებობაც კი დანაშაულია. ნაწილი კი თვლიდა, რომ ისედაც მცირეა ვეტერანთა რიგები და ამ ადამიანებს გულს ნუ ვატკენთო.
იყო წინადადება, ამის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოშიც შევიდა წერილი, რომ ბიუსტი აღებულიყო. საკითხი ფრაქციების დონეზე განიხილეს, მაგრამ წინ არ წავიდა. შესაბამისად, `ლანჩხუთელ~ სტალინს საფრთხე ადგილობრივებიდან არ დაემუქრა.
წლების წინ დაწყებული ტრადიცია გაგრძელდა და ამის ბოლო აკორდი ისევ თბილისის `დინამოსთან~ გამართული საშინაო შეხვედრა იყო, როცა ბელადის ბიუსტი გვარიანად ჩამოშალეს კვარცხლბეკიდან და ისევ დატოვე სტალინელები საყვარელი ბელადის გარეშე...
გუშინწინ, სტალინის დაბადების დღე იყო. 21 დეკემბერს დაბადებულ ბელადს ლანჩხუთელებმა საჩუქარი `გაუკეთეს~ და წინა დღეს, 20 დეკემბერს მისი ბიუსტი ძველ ადგილას საღ-სალამათი დააბრუნეს.
როგორც `ჰო და არას~ განუცხადეს, სტალინის იდეურმა მხარდამჭერებმა მოილაპარაკეს და ბიუსტი ლანჩხუთელ კაცს, იური სარჯველაძეს დაამზადებინეს.
`ხვალ დიდი კაცის დაბადების დღეა. რომ არა სტალინი დღეს მსოფლიო სულ სხვანაირი იქნებოდა. მან კაცობრიობა ფაშიზმისგან იხსნა. ჩვენი ვალია პატივი მივაგოთ მის ნათელ ხსოვნას. ბიუსტის დაზიანებას მხოლოდ ის ახერხებს, ვინაც ამ ადამიანის შესახებ სიმართლე არ იცის. ახალ თაობას არ აინტერესებს ის საქმეები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დაბადებულმა კაცმა მსოფლიოს გაუკეთა~ _ გვითხრეს ბიუსტის გახსნის ორგანიზატორებმა.
21 დეკემბერს ლანჩხუთელ სტალინელთა ნაწილი გორში, დიდი ბელადის მშობლიურ ქალაქში, გაემგზავრა და იქ აღნიშნეს 137 წლისთავი იოსებ ჯუღაშვილის დაბადებიდან

 


 

მოიწონეთ სტატია