|
ჩემი სიმართლე ჩემი მახსოვრობის პირველი ფურცლიდან იწყება, რომელიც, სამწუხაროდ, გარდაცვალებას უკავშირდება. ბებია გარდაიცვალა, მე კი ვერაფრით გამეგო, როგორ შეიძლებოდა ბებიას გარეშე ცხოვრება?
როგორ შეიძლებოდა ჩვენს ეზო-კარში ბებიას არ ეფუსფუსა? როგორ?... ბაბუა ჩემი დაბადების წელს გარდაცვლილიყო და, ჩემდა გასაკვირად, უცნობი ადამიანი ყოველთვის უსაზღვროდ მენატრებოდა, თან ინტერესი მკლავდა, ბაბუა, როგორც ამბობდნენ, ომგადახდილი ომში დაკარგულად აღიარებული, მერე დაბრუნებული, ჩვენი ოჯახის საძირკველი, ჩვენს გვერდით აღარ იყო. აბა, სად? პატარას ვერა და ვერ გამეგო რა ხდებოდა? სად მიდიოდნენ ეს ადამიანები? რად მიდიოდნენ?... ჰოდა, ახლა ჩემს თვალწინ წავიდა ბებია. ყველას გასაკვირად, სრულიად პატარა გოგონას დიდი ემოცია დამრჩა ამ გარდაცვალების გამო. მერე დავდიოდი მის ნაფეხურებზე ეზო-კარში. ბოსტანში მის დატოვებულ კვლებს ვაახლებდი, ასე მეგონა მის გარეშე აღარაფერი იქნებოდა. თურმე ასე არ არის, სამყაროს თავისი კანონზომიერება აქვს, ადამიანები მიდიან და მოდიან...
ეს იყო ჩემს მიერ აღმოჩენილი პირველი სიმართლე, რომელიც იყო მწარე და რომელიც მთელი ცხოვრება მომყვება. ეს სიმართლე, ანუ გარდაცვალების სიმართლე, თქვენი სიმართლეცაა. პირველ რიგში ეს გვაერთიანებს მე და თქვენ.
ჩემი შემდეგი სიმართლე ჩემი ლაღი ბავშვობაა. იყო _ სოფელი, თბილი და ალერსიანი, მოსიყვარულე და გამტანი, ფეხშიშველა ღელე-ღელე ტანტალი, ქვის ქვეშ ღორჯოების ხელით დაჭერა, პატარებს შორის მხიარული გაჯიბრება, გაჯიბრება და არა ჯიბრი _ ღვარძლით და შურით, რომელიც თურმე დიდების სამყაროს თანმდევი ნაწილია... ტყის ფერდობზე შეფენილი ია-იები, კვარაკვინჩხები, პატარა ხელებით დაკრეფილი და დედისთვის მირთმეული...
ბავშვობა _ მთელი დანარჩენი ცხოვრების სულის მასაზრდოებელი _ აი, ეს იყო შემდეგი სიმართლე, ჩემი და თქვენი სიმართლე. იქნებ ზოგიერთ თქვენგანს ხელშეშლა ჰქონდა? იქნებ რაღაც ვერ იყო ისე, იქნებ... მაგრამ ბავშვობა, მაინც ბავშვობა იყო _ ფრთიანი, ღიმილიანი, დაკვირვებებით, აღმოჩენებთ სავსე _ და ეს ჩვენი ყველას სიმართლე იყო... ამ სიმართლეს მივსტირით ყველანი დღეს _ ანუ ბავშვობას.
ბავშვობის შემდეგ ერთი დიდი სიმართლე აღმოვაჩინე _ სამყარო შეიცვალა, ფერები შეიცვალა, ემოციები გამძაფრდა, რეალობა თურმე სხვა არის _ ჩვენი სულის სამყარო ორად იყოფა _ ბავშვობად და შემდეგ ცხოვრებად. თუ სასწორზე შემოვდებთ ამ ორ სამყაროს, ბავშვობა დაწონის _ ამიტომ, გაუმარჯოს ბავშვობას! ჩემს და თქვენს ბავშვობას!...
ჩემი შემდეგი სიმართლე ჩვენი არეული სამყაროა (ქვეყანა _ ქვე-კიდე). იმ დონემდე არეული, აწეწილი, აღრენილი, გაქცეული და გამოქცეული, რომ ერთხელ, ჩემდა უნებურად, ჩემს მთავარ სიმართლეებს, ჩემს პატარა გივიკოსა და რეზიკოს, ჩემს თავს შევესწარი (თითქოს სხვისთვის წამესწროს), ასე ვეფერებოდი _ მე გაგაჩინეთ ამ საზიზღარ ქვეყანაზე, ჩემო პატარებო, და შევნიშნე, რომ დანაშაულის გრძნობა მაწუხებდა ამ სამყაროს გამო. ყელში ბურთიც მქონდა გაჩრილი... ესეც ჩემი სიმართლეა, ეტყობა ნერვებმა მიმტყუნა...
თქვენც არაერთგზის იქნებოდით მსგავს განწყობაზე, ამიტომ მიმაჩნია, რომ ყველაფერი ეს ჩვენი საერთო სიმართლეა.
ჩემი სიმართლე იმ ღრმა სიყალბის დანახვაა, ქვეყანას გაურკვეველი მიმართულებით რომ მიაქანებს, რის გამოც, თითქოს მიწასაც აღარა აქვს ძველებური სუნი, თითქოს ყვავილებიც ძველებურად აღარ ყვავილობენ...
და ირღვევა კანონზომიერება სამყაროში.
და ირღვევა ჩვენი ყოფა _ ჩვენი ყოფა _ წუწუნამდე დასული...
ჩემი სიმართლე ერთი მთავარი სიმართლეა _ მე თქვენ მიყვარხართ ყველანი. თქვენი სიხარული და ტკივილი იმპულსებად შემოდის ჩემში, ამიტომაც ყველა თქვენგანს ვგრძნობ. თქვენც ასევე ხართ, ჩემო დიდო ქართველებო, დიდებო, იმიტომ, რომ ამქვეყნიური ვაკხანალიის გაძლება შეგიძლიათ და კვლავაც ღიმილით სიარული ამქვეყანაზე.
ეს სიმართლე, ჩემთან ერთად თქვენი სიმართლეცაა, ამიტომაც მიყვარხართ.
თქვენ შეგიძლიათ დამიჯეროთ, ან არ დამიჯეროთ, მე მაინც ხმამაღლა ვაცხადებ _ ეს ჩემი სიმართლეა, სწორედ ამიტომაც მომენატრეთ და გადავწყვიტე ყოველდღიურად შემოგეხმიანოთ, რათა ჩემი სიმართლის შესახებ გესაუბროთ და თქვენიც გავიგო.
ჩვენი არსებობა ობიექტური რეალობაა. თქვენი `ჰო და არას მკითხველების არსებობაც, რეალობაა, ანუ იმ ხალხის არსებობა, ვინც იცის, რომ `ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა.
ჩვენ ერთად ვეჭიდებით ამ ჭეშმარიტებას. მადლობა ამ ჭიდილისთვის. მადლობა ჩვენთან მეგობრობისთვის, ჩვენი ნდობისთვის, ჩვენი სიყვარულისთვის!
ჩვენს გამჭვირვალე სიმართლეს ვეფერები და კვლავაც გაძლებას გისურვებთ!
ნონა გიგინეიშვილი |