| გურული სპორტსმენის ამერიკული თავგად |
|
|
|
| 08.03.10 წ. | |
|
'’მეტროსკენ გაიქცა იმედით, რომ მატარებელში უსაფრთხოდ იქნებოდა, თუმც ერთმა პირდაპირი დამიზნებით ესროლა...’’ ლანჩხუთელი მსოფლიო ჩემპიონის ამერიკული თავგადასავალი ![]()
ის დღეს ამერიკაში, ქალაქ მაიამში ცხოვრობს. ცენტრალურ ავენიუზე საკუთარი სახლი აქვს, იქაური მოქალაქეობაც მიიღო, მაგრამ ისევ საქართველოს სახელით გამოდის. ავთანდილ გოგოლიშვილი ლანჩხუთელებისთვის კარგად ნაცნობი სახეა. ის დღეს ცნობილია ამერიკაშიც, სადაც იქაური მედია მასზე წერს. ლანჩხუთელ სპორტსმენზე ინტერნეტშიც მრავლად ამოიკითხავთ. მის შესახებ მერაბ წულაძეც წერს წიგნში ‘’ლანჩხუთელები’’. ... თავისი ქვეყანა ავთომ ჩეხეთში გამართულ ვეტერანთა მსოფლიო პირველობაზეც ასახელა, როცა 85 კგ. წონით კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო... არადა, სწორედ ქართველის მიერ დაინგრა ავთანდილ გოგოლიშვილის სპორტული სურვილი, ოლიმპიური ჩემპიონი გამხდარიყო, მისი მისამართით ნასროლმა ტყვიამ ლანჩხუთში დაბადებულ-გაზრდილი ფალავანის კარიერა და ოცნებები ერთად დაამხვრია. ყველაფერი იმ ავბედით 1992 წლის 2 თებერვალს მოხდა, როცა სამხედრო საბჭომ სისხლით დაარბია ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერთა ათეულ ათასიანი დემონსტრაცია. შესაძლოა, ‘’მეორე მხარეს’’ მდგომმა ქართველმა ამოიცნო ფალავანი და ამიტომაც ფეხებში დამიზნებით ესროლა, ძვალთან ერთად მიზნებიც დაუმსხვრია. მანამდე კი ფიზიკურად ძლიერმა გოგოლიშვილმა რამდენიმე თავდამსხმელის მოგერიება შეძლო... ... თავიდან იგი მამამ ტანვარჯიშში შეიყვანა, ლანჩხუთის სპორტსკოლაში ცნობილ მიშა წილოსანთან. მანვე გლდანის სპორტულ სკოლაში გადასვლა ურჩია შეგირდს. ორ წელიწადში კი გლდანის სკოლას ჭიდაობის სექცია დაემატა და ცნობილმა მწვრთნელმა, ლადო მესტვირიშვილმა მასთან ვარჯიშიც შესთავაზა. ბოლოს ავთომ ჭიდაობა ამჯობინა და მისი კარიერაც თავბრუდ-ამხვევად დაიწყო _ 12 წლისა უკვე თბილისში საუკეთესო იყო, ერთ წელიწადში კი საერთაშორისო ტურნირზე ფინალი წააგო მხოლოდ. საბჭოთა სივრცეში თითქმის ყველა ტურნირი მოიგო, ასევე არაერთხელ გაიმარჯვა საერთაშორისო შეჯიბრებებში. ოლიმპიადისთვის, უფრო სწორად, ოლიმპური ჩემპიონობისთვის ემზადებოდა, მაგრამ... ნახსე-ნები მიზეზის გამო, იმავე წელს ბარსელონას ოლიმპიადაზე გამარჯვება ამერიკელმა მოიპოვა, ვისაც მანამდე ავთომ ორიდან ორივე მოუგო, ხოლო ფინალისტ ფალავანს _ ოთხიდან ოთხი! თუმცა ოლიმპიადას ვინ ამბობდა, ქართველი ფალავანი ფეხის ამპუტაციას გადაურჩა და წელიწადნახევარი ფეხზე არც გაუვლია. ექიმებმა ჭიდაობის დავიწყება ურჩიეს... დღეს, როგორც ვთქვით, იგი აშშ-ში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. საინტერესოა, რომ იქ გადასვლაში მძიმე დროს ყოფილი მეტოქე ამერიკელი ფალავანი დაეხმარა. ამ ფაქტს და ავთო გოგოლიშვილს მაი-ამის სპორტულმა გაზეთმა ვრცელი წერილი მიუძღვნა:
ბედისწერის შეცვლა საქართველოს პატარა ქალაქ ლანჩხუთიდან ჩამოსულ ავთანდილ გოგოლიშვილს ცოტა რამ სმენოდა ჰენკ პორშერის შესახებ. იცოდა, რომ იგი იყო ამერიკელი მოჭიდავე, რომელიც ცდილობდა თავისი კეთილი დამოკიდებულება გამოეთქვა ერთადერთი სიტყვით _ გამარჯობა. ხოლო ყველაფერი, რაც ჰენკმა იცოდა ავთანდილ გოგოლიშვილზე იყო ის, ავთოს ნახვისას, ქართულად რომ წარმოთქვა _ გამარჯობა, ჩემო კარგო მეგობარო. ვიდრე მათი გზები საჭიდაო ხალიჩაზე შეიყრებოდა, პორშერს მოუხდა იმის გაგება, რომ გოგოლიშვილს ჰქონდა ოლიმპიური ოქროს ტოლფასი ჯილდოები, რომლებიც დაიკარგა იარაღის გასროლასთან ერთად. 1992 წელს პოლიტიკური პროტესტის დროს ტყვიამ ავთო კოჭში დაჭრა, რომელმაც მას არა მარტო ძვლები, არამედ სპორტული მიზნებიც დაუმსხვრია. იგი ტელეეთერით ადევნებდა თვალს ბარსელონას ოლიმპიურ თამაშებს, სადაც ოქროსა და ვერცხლის მედლების მფლობელები გახდნენ მასთან ადრე დამარცხებული ათლეტები. რვა წლის შემდეგ გერმანიაში გამართულ შეჯიბრებაზე გოგოლიშვილი ბედმა პორშერს საერთო მეგობართან შეახვედრა, რომელიც შემდგომ დაეხმარა მას, შეეცვალა მისი ოჯახური ცხოვრება. ავთომ ჰენკს გადასცა ფურცელი, რომელზეც ქართულად ნაჩქარევი ხელით რაღაც ეწერა. პორშერი ვერ მიხვდა, რომ ქაღალდი უკუღმა ეჭირა, მაგრამ იმის გაგება კი მოახერხა, რომ ბარათი მისი ყოფილი თანაგუნდელის, ზვიად აბუსერიძისთვის იყო განკუთვნილი. _ ამერიკაში მინდა წამოვიდე _ წერდა გოგოლიშვილი აბუსერიძეს, _ შეგიძლია დამეხმარო, ვიპოვო ვინმე, ვინც ვიზას გამიკეთებს? _ მე ვიცი ერთი კარგი ადამიანი, რომელსაც ჰქვია ჰენკი. ის, რასაც შემდგომ პორშერმა მიჰყო ხელი, გახლდათ ზრუნვა გოგოლიშვილის მომავალზე. ახლა პორშერს, გოგოლიშვილსა და აბუსერიძეს იპოვით იქ, სადაც ჭიდაობაში ვარჯიშობენ და ასწავლიან, სწვდებიან ილეთების საიდუმლეობას, ან ფიქრობენ იმ გზაზე, რომელმაც ქაღალდის კვალდაკვალ ორნახევარი წლის მანძილზე ერთმანეთს რომ შეაკავშირა. იმის თქმა, რომ ყველაფერი გოგ-ოლიშვილის იღბალს მივაწეროთ, არ იქნება სწორი, რადგანაც მან თავად მოიპოვა დროებითი ვიზა იმ იმედით, რომ მოგვიანებით შეძლებდა მისი ოჯახის წევრების წამოყვანასაც. მან მიიღო მუდმივი ბინა მისთვის, მეუღლისა და ორი პატარა გოგონასათვის. პორშერმა მისცა ფული, სახლი და უშოვა სამსახური _ ვფიქრობ, რომ ღმერთმა შექმნა ჰენკი, ეს ღვთის ნება იყო _ თბილ სიტყვებს ეძებს გოგოლიშვილის მეუღლე ნანა ფაცაცია, რათა გულითადად გამოხატოს მადლიერება ოკეანისგაღმელი ადამიანის მიმართ.
პროტესტი და ტყვია 1992 წლის 2 თებერვალი. ამბავი, თუ როგორ გახდა გოგოლიშვილი პორშერის ასისტენტი, იწყება თბილისში, საქართველოს დედაქალაქში. მაშინ მოხდა დაპირისპირება, ათასობით კაცი გამოვიდა ქუჩაში, რათა თავიანთი პროტესტი გამოეთქვათ პრეზიდენტ გამსახურდიას გადაყენებასთან დაკავშირებით, მაგრამ მედიამ იგნორირება გაუკეთა მას. იშვიათად თუ გაიგებდა ვინმე ცნობილი ქართველი მოჭიდავის შესახებ, რომლის ოლიმპიური ოცნებაც მოკვდა. სანამ ეს ამბები დატრიალდებოდა, გოგოლიშვილი ნაჩვენები იყო ვიდეო-კლიპში, რომელიც გავიდა ინტერნეტით. როცა სროლა ატყდა, ავთოს მუშტი ჩაარტყეს. იმ დროს მას ახლანდელის მსგავსად საოცრად განიერი მხრები და ღონიერი მკლავები ჰქონდა და მარწუხივით მოუჭირა მოძალადეებს, მაგრამ მათ გააჩნდათ იარაღი. შემდეგ მეტროსკენ გაიქცა იმ იმედით, რომ მატარებელში უსაფრთხოდ იქნებოდა. თუმცა, როცა კიბეზე გადახტა, ერთ-ერთმა პირდაპირი დამიზნებით ესროლა და დიდი წვივის ძვალი დაუმსხვრია. _ მიწაზე წაქცეულს, მეგონა, ფეხი მომკვეთეს, ვფიქრობდი, რომ იგი აღარ მქონდა, _ იხსენებს გოგოლიშვილი. ექიმებმა ქვემო კიდურის ამპუტაციისგან გადაარჩინეს, მაგრამ მკაცრად გააფრთხილეს, რომ უნდა დაევიწყებინა ჭიდაობა. მან ვერ შეძლო სიარული დაახლოებით წელიწადნახევარი. _ როცა ბავშვი ვიყავი, ხშირად ვუყურებდი ავთოს ჭიდაობას. ის იყო უიღბლო ლეგენდა. ასი პროცენტით ვერ გეტყვით, მაგრამ 99 პროცენტით დარწმუნებული ვარ, ჩემპიონი იქნებოდა, _ ზვიად აბუსერიძე ამას იმიტომ ამბობს, რომ 1992 წელს ბარსელონას ოლიმპიადაზე ამერიკელმა კევინ ჯეკქსონმა გადამწყვეტ ბრძოლაში დაამარცხა გაბრიელოვი და მოიგო ოლიმპიური ოქრო, მაშინ როცა გოგოლიშვილის პირადი ანგარიში ჯეკსონთან _ 2:0, ხოლო გაბრიელოვთან _ 4:0 გახლდათ. _ ეჭვი არ მეპარება, რომ ის ისეთივე კარგი მოჭიდავეა, როგორიც ნებისმიერი, ვისთანაც ოდესმე მიასპარეზია. სამწუხაროდ, მას არ ჰქონდა იმდენი შესაძლებლობა, რამდენიც მე, რომ თავისი ქვეყანა წარმოედგინა მსოფლიო ჩემპოინატზე, ან ოლიმპიურ თამაშებზე, _ ამბობს ჯეკსონი. როცა საჭიდაო დარბაზში ვარჯიშის შემდეგ ისვენებენ, პორშერი ეკითხება გოგოლიშვილს _ ეს ყველაფერი გაბრაზებს? _ მაბრაზებს? _ კითხვითვე პასუხობს ქართველი ფალავანი. _ ჰო, რადგან შენი სპორტული კარიერა დაიმსხვრა. მე გავბრაზდებოდი _ საუბარს აგრძელებს ამერიკელი. _ არა, მე არაფრის შეცვლა არ შემიძლია. მიჭირს იმის თქმა, გავხდებოდი თუ არა ჩემპიონი, რადგანაც ოლიმპიადა სპეციფიკური შეჯიბრებაა. ბევრს აქვს მისი მოგების შანსი. 1996 წლისთვის ფეხი საკმაოდ მოუშუშდა იმისათვის, რომ მონაწილეობა მიეღო ატლანტის ოლიმპიადაზე, მაგრამ დრო და ძალა აღარ ეყო აღედგინა ძველი ფორმა, უიღბლო ლეგენდამ ამჯერად მეათე ადგილი აიღო. _ ზოგი მოძრაობა ქართულიდან და რუსულიდან არ ითარგმნება და ავთო ცნობილი მოჭიდავეების სახელებს არქმევს, რომლებიც შესაბამის ილეთებს ჩინებულად ფლობდნენ _ გვიყვება პორშერი _ ის ხშირად იძახის ხაბელოვის გვარს (მსოფლიოს ექს-ჩემპიონი და ეშლი ჩარზლს). ეს არის კოდი, რომელსაც ჩვენ ვავითარებთ. აბუსერიძე და პორშერი ემზადებოდნენ ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატისათვის გერმანიაში 2000 წელს, როცა ზვიადმა წააქცია ჰენკი უჩვეულეო მოგვერდული გდებით. _ ეს შეიძლება გააკეთო ბავშვებში, მაგრამ შეუძლებელია იგი გამოიყენო კარგ მოჭიდავესთან _ უთხრა პორშერმა აბუსერიძეს. _ ჩემმა მეგობარმა ეს შეასრულა კევინ ჯეკსონთან და აიღო 5 ქულა _ მიუგო ზვიადმა. კიდევ ერთი რამ მოხდა მანამ, სანამ პორშერი გაემგზავრებოდა გერმანიაში. სახელდობრ, აბუსერიძემ მას ასწავლა ქართულად, როგორ წარმოეთქვა _ გამარჯობა, ჩემო კარგო მეგობარო.
`მე მან მომიგო, თუმცა... გერმანიაში ყოფნისას პორშერმა ერთხელ შენიშნა, რომ მის გვერდით მდგარ მოჭიდავეს ხელში ეჭირა ქართული პასპორტი და მან გამოსცადა თავისი ცოდნა ახალ ენაში. _ გამარჯობა _ უპასუხა გოგოლიშვილმა ისე, რომ მის მიმართ არანაირი ინტერესი არ გამოუჩენია. მას შემდეგ, რაც ჩვენ დავასრულეთ ჭიდაობა, დავინახე, რომ ის და კევინი ერთად საუბრობდნენ. ბოლოს ერთმანეთს გადაეხვივნენ და ის წავიდა. მე შევეკითხე კევინს, თუ იცნობ ამ ჭაბუკს, ოდესმე თუ გიჭიდავია მასთან-მეთქი. ჯეკსონმა მითხრა _ დიახ, ვიცნობ, მან ორივეჯერ მომიგო. სხვა არაფრის თქმა არ შემიძლია. იქვე, კევინმა უცნაური რამ თქვა, _ მას აქვს საოცარი მოგვერდული ფანდი, რომლითაც ორჯერ სუფთად გამაკრა ბეჭებზე. აი, როგორ დაამყარა პორშერმა კავშირი აბუსერიძესა და გოგოლიშვილს შორის. ახლა პრობლემა ის იყო, როგორმე გაეგებინებინა ის გოგოლიშვილისთვის. იგი შეეცადა ეთქვა სიტყვა ზვიადი, ოღონდ არ იცოდა, ეს სახელი საქართველოს ყველა კუთხეში უამრავ ადამიანს რომ ერქვა. პორშერმა მიუთითა მკერდზე _ მე მეცვა პერანგი, რომელზეც ფლორიდა იყო გამოსახული. ის მიხვდა, რომ ვიცნობდი ზვიადს და აიღო კალამი და ფურცელი. გოგოლიშვილსა და აბუსერიძეს ოთხი წელი არ ენახათ ერთმანეთი, მაგრამ, რადგან ისინი იყვნენ მოჭიდავეები, ეს იმას ნიშნავდა, რომ იყვნენ ძმები. წერილში გოგოლიშვილი უხსნიდა მას, რომ დრო იყო, დაეტოვებინა საქართველო, სადაც უმუშევ-რობა მეფობდა, მაგრამ თავდაპირველად პორშერსა და გოგოლიშვილს საქმე ჰქონდათ საჭიდაო ხალიჩაზე. _ მე მან მომიგო, თუმცა შეჯიბრების განმავლობაში შევძელით საუბარი. მე ვიყენებდი ცუდ რუსულს, ის ყოველთვის მისწორებდა, მასწავლიდა როგორ გამომეთქვა იგი ქართულად. ჭიდაობის უპირატესობა სხვა სახეობასთან იმაში მდგომარეობს, რომ იგი უაღრესად რაინდული სპორტია. მაშინაც კი, თუ არ იცი მეტოქის ენა, მაინც ვხვდები სადაურია და სად ყოფილა. სურვილი გოგოლიშვილის ჩამოყვანისა შეერთებულ შტატებში, იყო ერთი რამ, ხოლო მისი სისრულეში მოყვანა გახლდათ სრულიად განსხვავებული. პორშერს ჰყავს ორი ბიოლოგიური შვილი. ამასთან მან და მისმა მეუღლემ იშვილეს ჩინელი თენგი და ზანგი გრენიტი.
ქართული გვარი ამერიკელს 2003 წლის 18 ივლისს 24 საათზე მეტი ხნის მგზავრობის შემდეგ გაიღო მაიამის საერთაშორისო აეროპორტის ორივე კარი. ამერიკის მიწაზე ფეხი გადმოდგეს ავთო და ნანა გოგოლიშვილებმა ოთხი წლის მარიამთან და ორწლიწლინახევრის ქეთევანთან ერთად. ყველა გადაეხვია ერთმანეთს და მოგროვდნენ პორშერის მანქანასთან. ისეთი აღფრთოვანებულები, აღელვებულები იყვნენ, მასპინძლები ძლივს მიხვდნენ, რომ ოჯახს საშინლად შიოდა. გოგოლიშვილები პორშერის სასტუმრო სახლში დარჩნენ 10 თვის განმავლობაში. ცოტა ხნის წინ ავთო შეეცადა, გადაეხადა 2000 დო-ლარი, რომელიც ჰენკმა მისცა მას, როცა ჩამოვიდა, მაგრამ ამერიკელი მეგობრისგან თავაზიანი უარი მიიღო. სამაგიეროდ, გოგოლიშვილმა და აბუსერიძემ მას მისცეს ისეთი რამ, რომელსაც იგი უკან ვეღარ დააბრუნებდა. _ მე ვაძლევ მას ქართულ გვარს _ პორშერიშვილს, რადგან ის ნამდვილი ადამიანია, _ აცხადებს აბუსერიძე. პორშერი ახლაც ახსენებს გოგოლიშვილს, მათ პირველ ცივ საუბარს. გოგოლიშვილის ეშმაკური ჩაცინება ამტკიცებს, რომ ზოგჯერ არაა აუცილებელი სიტყვები... ავთო დღეს იმაზე ფიქრობს, თუ როგორ ჩქარა გავიდა დრო იმ ცივი საუბრიდან და რამდენად შორს წამოვიდა მისი ოჯახი. |
| < წინა | შემდეგი > |
|---|
| მთავარი |
| სარედაქციო |
| პოლიტიკა |
| ეკონომიკა |
| სამართალი |
| საზოგადოება |
| სპორტი |
| კულტურა |
| ნომრები სრულად |
| ფორუმი |