”ჰო და არა”

  • Decrease font size
  • Default font size
  • Increase font size
  • default color
  • red color
  • green color

მთავარი სიახლე

მთავარი arrow მთავარი arrow მამათში შევარდნაძის მუზეუმს აკეთებე
მამათში შევარდნაძის მუზეუმს აკეთებე PDF ბეჭდვა ელფოსტა
მონაწილეთა შეფასებები: / 7
სუსტისაუკეთესო 
23.10.09 წ.

Image 

`ჰო და არაის' ინფორმაციით, მამათში ედუარდ შევარდნაძის ვიზიტი, რომლის დეტალებიც ექსკლუზიურად გავავრცელეთ, გარდა იმისა, რომ ყოფილი პრეზიდენტს გერმანელები ფილმში იღებენ (ბერლინის კედლის დანგრევის 20 წლისთავს ეძღვნება), ასევე მშობლიურ სოფელში ცნობილი პოლიტიკოსის მუზეუმის მოწყობასაც ითვალისწინებდა. დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, ცოტა ძნელი წარმოსადგენია, მას სახელმწიფოებრივი სტატუსი მიეცეს. შევარდნაძე კი არა, ნოე ჟორდანიას მუზეუმის გახსნის საკითხიც გააჯანჯლეს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის პირველი პრეზიდენტის სიძე (შვილიშვილის, ნიკოლის მეუღლე) სანდრო კვიტაშვილი გახლავთ.

`ჰო და არას' ინფორმაციით, ნოე ჟორდანიას შთამომავლები წინაპრების მამულისა და ქონების დაბრუნებას ითხოვენ. რეჯებ ჟორდანია საქართველოში ყოველი ჩამოსვლისას მშობლიურ ლანჩხუთს აუცილებლად სტუმრობს. ის მუდამ აღფრთოვანებას გამოთქვამს ამ ქალაქისადმი და ეს არცაა გასაკვირი _ ნოე ჟორდანიას შთამომავლებს გურულები ყოველთვის დიდის ამბითა და პატივისცემით ხვდებიან. აშშ-ის უნივერსიტეტის პროფესორი ყოველი სტუმრობისას იმეორებს _ `მამაჩემთან ლევილში იმდენი ლანჩხუთელი იყრიდა თავს და იმდენს ლაპარაკობდნენ ამ ქალაქზე, ლანჩხუთი ქვეყნის მთავარი ქალაქი და დედამიწის ღერძი მეგონა'. 

ახლა ჟორდანიები წინაპრების ნამოსახლარს ითხოვენ. დღეს ნოე ჟორდანიას სახელობის სკვერი ქალაქის ცენტში, ყველაზე პრესტიჟულ ადგილზე, გამგეობის შენობის გვერდით მდებარეობს. ეზოს შესასვლელში ჟორდანიების წინაპრების საფლავებია, რომლებიც თურმე ქალაქის ეკლესიის ეზოში ყოფილან გასვენებულნი, მაგრამ საქართველოს დატოვების წინ, ნოე ჟორდანიას უთქვამს, კომუნისტები საფლავებს გაანადგურებენ, შესაძლოა, ეკლესიაც მიაყოლონო და საფლავები საკუთარ ეზოში გადაასვენებინა. ლანჩხუთში დარჩა მისი დედა, რომელმაც საფლავების შენარჩუნება შეძლო, თუმცა ქალაქის ცენტრში არსებული ეკლესია კომუნისტებმა მაინც გაანადგურეს. ახლა ჟორდანიების ნამოსახლარზე ნოე ჟორდანიას სახელობის სკვერია განთავსებული, სადაც ადრე ახალგაზრდული კლუბი `მერანი' ფუნქციონირებდა, ამჟამად კი ერთსართულიან შენობაში `ნაციონალური მოძრაობის'“ მიერ გახსნილი `უმწეოთა 100 სასადილოდან' ერთ-ერთი მდებარეობს. ასევე ჟორდანიებს ეკუთვნოდათ ტერიტორია, რომელზეც ათეულობით ოჯახი ცხოვრობს. მართალია, კვიტაშვილი-ჟორდანიას ოჯახი მათ მიწებსაც არ უმიზნებს, მაგრამ ეს ოჯახები აცხადებენ, რომ არანაირი ჟორდანიების მიწაზე ისინი არ ცხოვრობენ, რადგან ეს ნაკვეთი მანამ შევიძინეთ ჟორდანიებისგან, სანამ ნოე ჟორდანია საქართველოს დატოვებდაო. ისინი იმასაც ამბობენ, რომ ამის დამადასტურებელი იმდროინდელი დოკუმენტებიც აქვთ. ანუ თუ ეს მართალია, გამოდის, რომ ჟორდანიებს თითქმის საუკუნის წინ გაუყიდიათ თავიანთი კუთვნილი ტერიტორიები.

რამდენიმე თვის წინ, ნოე ჟორდანიას შვილიშვილმა, ნიკოლ ჟორდანია-კვიტაშვილმა წერილობით მიმართა ლანჩხუთის საკრებულოს _ მუზეუმის გაკეთებაში ჩვენს წვლილს შევიტანთო. თუმცა კულუარებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრის, სანდრო კვიტაშვილის მეუღლე მიწის ნაკვეთის გამოყოფასაც ითხოვს. `საუბარია 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, რადგან იქ ჟორდანიას შთამომავლებმა კოტეჯი ჩადგან. ეს რა არის, ჟორდანიებს აქ ძალიან დიდი ტერიტორია ეკუთვნოდათ' _ გვითხრეს სპეციალურად შექმნილ მუშა ჯგუფში, რომელიც საკითხზე მუშაობს და რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ჩხაიძე ხელმძღვანელობს. 

როგორც მაშინ გვითხრეს, მუზეუმის სახელი ასეთი იქნება _ ნოე ჟორდანიას სახელობის საქართველოს ოკუპაციის მუზეუმი. `ჰო და არას' კითხვაზე, ხომ არ იგეგმება ედუარდ შევარდნაძის სახლ-მუზეუმის გახსნა მამათში (სადაც ყველაფერი, გურულების ენაზე რომ ვთქვათ, `გახაზირებულია“), ამას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა უშუალოდ ზემონახსენებ მუშა ჯგუფში: ზოგმა _ რატომაც არაო, ნაწილმა _ თუ სტალინის მუზეუმია გორში, შევარდნაძემ რა დააშავაო, ზოგმაც კი გააპროტესტა. თუმცა აშკარად `გამოჩნდა', რომ `ნაციონალური მთავრობის' ხელში ეს თითქმის გამორიცხულია, თუმცა, არა გვგონია, წინააღმდეგი ბევრი იყოს. ჩინოსნების მხრიდან ასეთი შეკითხვაც კი _ ექსპრეზიდენტის მამათის სახლს მუზეუმის სტატუსი ხომ არ აქვსო _ ამაზე მეტყველებს. 

`ჰო და არას' ლანჩხუთელ `რესპუბლიკელთა' ლიდერი რომან ბიწაძე ესაუბრება:

_ ბატონო რომან, რა ხდება ნოე ჟორდანიას მუზეუმთან დაკავშირებით, თქვენც ხომ მუშა ჯგუფის წევრი ხართ?

_ კი, მუშა ჯგუფმა დამავალა დებულების გაკეთება, სამ დღეში მივუტანე, შესწორებები შეიტანეს და შემდეგ აღარ ვიცი, უკვე მეხუთე თვეა, არ შევკრებილვართ. სამინისტროებში გაგზავნეს წერილები, თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს ადგილობრივი ხელისუფლების გადასაწყვეტია. ამ დღეებში რეჯებ ჟორდანია ჩამოდის ლანჩხუთში და მიაგებებენ, აი, ნოე ჟორდანიას მუზეუმს ვაკეთებთო... ამ ხელისუფლებამ ეგ იცის მხოლოდ და საქმეს როგორ აკეთებენ, კარგად ხედავთ.

_ ხომ არ არის საუბარი, რომ ედუარდ შევარდნაძის მუზეუმიც შეიქმნას?

_ ნუ, ამ ხელისუფლების პირობებში ეს რომ გამორიცხულია, აშკარაა! შევარდნაძე კი არა, ამ ხელისუფლებას ნოე ჟორდანიაც არ მოსწონს. სამთავრობო ტელე-ვიზიებით სისტემატურად მიმდინარეობს ნოე ჟორდანიას დისკრედიტაცია...

_ ისე, თქვენ რას ფიქრობთ, შევარდნაძის მუზეუმი უნდა იყოს ლანჩხუთში?

_ რა თქმა უნდა! მე არასდროს ვყოფილვარ შევარდნაძის მხარდამჭერი, მაგრამ ეს იქნება სწორი და ცივილიზებული გადაწყვეტილება. ლანჩხუთმა ქვეყანას 2 პირველი პირი გაუზარდა და თუ ლანჩხუთში მათი მუზეუმები იქნება, რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელია და უპირველესად, ლანჩხუთის პრესტიჟისთვის არის კარგი. შევარდნაძის მუზეუმის გაკეთება ადგილობრივი ხელისუფლებისთვის კარგი საქმე იქნება, მაგრამ კარგად ვიცით, რომ დღეს ადგილობრივი მაღალჩინოსნები ამას, უბრალოდ, ვერ გაბედავენ!

`ჰო და არას' ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ჩხაიძე ესაუბრება:

_ ბატონო მერაბ, რას შვება თქვენი ხელმძღვანელობით შექმნილი მუშა ჯგუფი, 5 თვე გავიდა და რომან ბიწაძე ამბობს, ერთხელაც არ შევკრებილვართო.

_ ჩვენ ეს ჯგუფი შევქმენით ჟორდანიას მემკვიდრეების წინადადების შემდეგ. თუ არ გვექნება ექსპონატები, აზრი არ აქვს მუზეუმის გახსნას, დაგვემართება ისე, როგორც ვალოდია წულაძის მუზეუმთან მიმართებაში. 

_ როგორც ვიცი, რეჟებ ჟორდანია აპირებს მუზეუმისთვის საჭირო მასალით დახმარებას.

_ ბატონ რეჟებს ველოდებით. როგორც ვიცი, ოჯახს აქვს ნოე ჟორდანიას პირადი არქივი... მოკლედ, ველოდებით მის ვაჟს და აუცილებლად გაცნობებთ.

_ ბატონო მერაბ, როგორც გამოცდილი პოლიტიკოსი, რას ფიქრობთ, უნდა იყოს თუ არა ედუარდ შევარდნაძის მუზეუმი ლანჩხუთში? აქვე გეტყვით, რომ რომან ბიწაძე აცხადებს, ადგილობრივი ხელისუფლება ასეთი გადაწყვეტილების მიღებას ვერ გაბედავსო!

_ როგორც საქართველოს ისტორიაში დიდი მოვლენა, ასეთი შევარდნაძე ნამდვილად არ ყოფილა. როგორც მსოფლიო დონის პოლიტიკოსი, რომელთანაც დაკავშირებულია ბერლინის კედლის დანგრევა და ა. შ., ამას ისტორია, რა თქმა უნდა, არ დაივიწყებს. საერთოდ, კითხვაც კი შევარდნაძის მუზეუმთან დაკავშირებით ნაჩქარევად მიმაჩნია.

გუშინ საღამოს რეჯებ ჟორდანია ლანჩხუთს ეწვია. ამ ვიზიტს მომდევნო ნომერში გავაშუქებთ.

მამუკა ქანთარია
 
< წინა