| ვინ ებრძვის გურიის პროკურორს |
|
|
|
| 25.08.09 წ. | |
|
გუშინწინ, ქართულმა სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გურიის მთავარი პროკურორის, ილია ჯალაღანიას შვილმა, ლევან ჯალაღანიამ დამსვენებელი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი შეკვეთილში გუშინ საღამოს მოხდა. ლევან ჯალაღანია, რომელიც მეგობრებთან ერთად შეკვეთილში თავისი ოჯახის აგარაკზე ისვენებდა, ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც გახდა ცნობილი, პროკურორის ვაჟსა და რიგით დამსვებელს შორის დაპირისპირების მიზეზი ველოსიპედი გახდა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქემ წაიყვანა და გვიან დააბრუნა. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებული ურეკის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.`ჰო და არას’ შს სამინისტროს პრეს-შეფ ზურაბ გვენეტაძეს დაუკავშირდა: _ ბატონო ზურაბ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურიის პროკურორის შვილმა დამსვენებელი დაჭრა... _ ვერაფერს გეტყვი, პირველად მესმის. _ იქნებ გადაგვიმოწმოთ. _ კი, ბატონო. მოგვიანებით შსს პრეს-შეფმა ჩვენს ზარს უკვე აღარ უპასუხა. `ჰო და არას’ ურეკის ამბულატორის მთავარი ექიმი ქეთევან ურუშაძე ესაუბრება: _ ქალბატონო ქეთევან, დღეს თქვენთან ვინმე დაჭრილი ხომ არ მოუყვანიათ? _ არა, მე მთელი დღე აქ ვარ და არც ამბულატორიაში და არც `კოლხიდაში’ (სასტუმროს სამედიცინო ცენტრი აქვს) დღეს არავინ მოუყვანიათ. _ არც ნაცემი? _ ნამდვილად არა. თუმც ურეკში კიდევ არის სასწრაფო სამსახური და კატასტროფის ცენტრი `ციცინათელაში’. `ჰო და არას’ `ციცინათელას’ სამედიცინო ცენტრის ოპერატორი (822 566830) ესაუბრება: _ ქალბატონო, `ჰო და არადან’ გაწუხებთ, დღეს თქვენთან დაჭრილი ან ნაცემი მამაკაცი მოიყვანეს? _ არა, ასეთი შემთხვევა არ ყოფილა! `ჰო და არამ’ დეტალების გარკვევა მაინც მოახერხა. როგორც გავარკვიეთ, 20 წლის ლევან ჯალაღანიამ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ სომეხი ეროვნების მოქალაქეს დილით ველოსიპედი ათხოვა რამდენიმე წუთით. ამ უკანასკნელმა კი ის მხოლოდ საღამოს მიუყვანა, რასაც შელაპარაკება მოჰყვა, რომლის შედეგად ორივეს მოხვედრია ერთმანეთის ხელი. ჩვენი წყაროს ცნობით, მომხდარის გამო დაკითხეს ორივე მათგანი, მაგრამ დანაშაულის არარსებობის გამო, გამოძიება არ დაწყებულა. მეტიც, სომეხი ეროვნების მამაკაცს ჩვენებაში ლევან ჯალაღანიასთან კონფლიქტის არსებობა საერთოდ არ დაუფიქსირებია. რა თქმა უნდა, საქართველოში პროკურორები თავიანთ შვილებს არ იჭერენ, ჩვენებებიც იცვლება, მაგრამ ამ შემთხვევაში, `ჰო და არას’ წყაროებიც და სამედიცინო ცენტრები დაჭრის ფაქტს არ ადასტურებენ და რჩება ერთადერთი ვერსია, რომელიც სხვათა შორის, სახელისუფლო კულუარებშიც დაგვიდასტურეს _ გურიის მთავარ პროკურორს `დაჭრის ფაქტი’ `გარკვეულმა პირებმა’ მისთვის შავი პიარის გასაკეთებლად `გაუჩალიჩეს’. `ჰო და არა’ კომენტარისთვის გურიის მთავარ პროკურორ ილია ჯალაღანიასთან დაკავშირებას ეცადა, მაგრამ მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა. დავუმესიჯეთ, რაზეც ვურეკავდით და არ გვსურდა მისი კომენატრის გარეშე მასალა გასულიყო. ჩვენს მესიჯს ჯალაღანია გამოეხმაურა და დაგვირეკა: _ რა კომენტარი უნდა გავაკეთო ასეთ აბსურდზე?! _ ბატონო ილია, ჩვენ საავადმყოფოებშიც გადავამოწმეთ და ფაქტი არ დაგვიდასტურეს, მაშინ ჩნდება კითხვა _ ვინმე თქვენს წინააღმდეგ... _ (კითხვა არ დაგვასრულებინა) მაპატიეთ, კომენტარს ვერ გავაკეთებ, ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით. მამუკა ქანთარია |
| მთავარი |
| სარედაქციო |
| პოლიტიკა |
| ეკონომიკა |
| სამართალი |
| საზოგადოება |
| სპორტი |
| კულტურა |
| ნომრები სრულად |
| ფორუმი |