”ჰო და არა”

  • Decrease font size
  • Default font size
  • Increase font size
  • default color
  • red color
  • green color

მთავარი სიახლე

მთავარი arrow მთავარი arrow გურიაში რესტორნებს ხურავენ?!
გურიაში რესტორნებს ხურავენ?! PDF ბეჭდვა ელფოსტა
მონაწილეთა შეფასებები: / 10
სუსტისაუკეთესო 
25.08.09 წ.

Image

`ჰო და არას’ ინფორმაციით, გურიაში რესტორნებს საგადასახადო ინსპექცია და ფინანსური პოლიცია `შეესია’.

კულუარებში ორი ვერსია ვრცელდება - ერთის მიხედვით, ოპოზიციური აქციებიდან `სულმოთქმულმა’, მაგრამ ფინანსურკრიზის მოძალებულმა ხელისუფლებამ ბიუჯეტის შესავსებად სავაჭრო ობიექტებს ჩამოუარა, მეორე ვერსიით კი, ყოველივე გურიის საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლელთა დაკავებას უკავშირდება, რაზეც `ჰო და არა’ ექსკლუზიურად წერდა. ოფიციალური კომენტარი საგადასახადოს 2 ინსპექტორის დაკავებასთან დაკავშირებით არ ვრცელდება, თუმცა `ჰო და არას’ კულუარებში უთხრეს, რომ საქმე მეწარმისთვის საჯარიმო სანქციის შემსუბუქებას ეხება. ეს კი მაშინ `გაახსენდათ’, როცა `ლაითად დაჯარიმებული’ მეწარმის შვილი ოპოზიციის საკანში შეუნიშნავთ. როგორც ჩანს, საკნებთან კამერებით ტყუილად არ დადიოდა `მოყვარული’ ოპერატორები, მათი გადაღებული გაშიფრეს და როგორც ჩანს, `პასუხის მოთხოვნის დროც’ დადგა.

რაც შეეხება რესტორნებზე და ზოგადად სავაჭრო და კვების ობიექტებზე `შეტევას’, `ჰო და არას’ ინფორმაციით, საგადასახადომ წინა თვეში ჩამოუარა ამ ობიექტებს, უმეტესობა დააჯარიმა და არც ის დაუმალავთ თურმე, რომ უფრო მეტის გადახდაც მოუწევდათ. სხვათა შო-რის, როგორც ამბობენ, ამ ობიექტების დიდი ნაწილი მართლაც მიზერულ გადასახადებს იხდის და შემოსავლებს მალავენ, ხელისუფლებას მათი `აწიოკება“ არ უნდა, უბრალოდ, თანხას შეატანინებენ და ამუშავებენ. ურჩებს, ანუ ვინც არ შეიტანს, დახურავენ. ჯერჯერობით, უცნობია რა გახდა ოზურგეთში ცნობილი რესტორნების `ტონუსის“, `ფიროსმანის’, `ნატახტარის’ `დასჯის’ მიზეზი. კულუარებში ამბობენ, რომ ურჩებს სხვა ქალაქებშიც მიახურავენ. ამ დროს გურიის საგადასახადოში განცხადებებს განცხადებებზე წერენ თანამშრომლები, აქაოდა, ისეთ პროფესიონალებს ვარჩევთ, ვინც კომპიუტერი იცის და ისეთ დღეში არ აღმოჩნდებიან, როგორც დაკავებული თანამშრომლებიო.

`ჰო და არასთან’ საუბარში გურიის გუბერნატორის მოადგილე კახა ასკურავა აცხადებს, რომ არანაირი სადამსჯელო ღონისძიებებს ხელისუფლება არ ატარებს და კანონის შესრულება კი ყველას მოვალეობაა. როცა გასულ კვირაში სამი ცნობილი რესტორნის დახურვის შესახებ ინფორმაცია ექსკლუზიურად მოგვაწოდეს და გურიის საგადასახადოს უფროსი მოვალეობის შემსრულებელ ანტონ ბარამიძეს დავუკავშირდით, მან გვითხრა, რომ `ინვენტარიზაცია ტარდებოდა და უკვე გახსნილია სამივე ობიექტი’. `არის თუ არა დარღვევები, ვერ გეტყვით, ჯერ მიმდინარეობს შემოწმება, თუმცა ობიექტები გახსნილია. დიდ ბოდიშს გიხდით, მეტს ვერაფერს გეტყვით,’ _ გვითხრა ბარამიძემ.

როგორც `ჰო და არას’ უთხრეს, სამი რესტორანი საჩვენებლად დახურეს რამდენიმე დღით, თუმცა როგორც გუშინ ინფორმაცია გავრცელდა, `დროებით დახურული და გახსნილი’ ობიექტები `გრძელვადიანად“ დახურეს. მიზეზი _ `მოკვლევის შედეგად აღმოჩენილი დარღვევებია’.

 გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, გურიაში ათამდე რესტორანი დაიხურა. `ჰო და არას’ სურდა გაერკვია, რატომ შეცვალა გადაწყვეტილება გურიის საგადასახადომ, მაგრამ ანტონ ბარამიძემ ჩვენს ზარებს გუშინ საღამოს არ უპასუხა. შესაძლოა, ახალი ობიექტების დახურვით იყო დაკავებული. თავად დახურული ობიექტების მეპატრონეები საგადასახადოს ქმედებას უკანონოს უწოდებენ.

`ჰო და არა’ გურიის გუბერნატორს, ვალერი ჩიტაიშვილს დაუკავშირდა:

_ ბატონო ვალერი, რა ხდება, რატომ დაერივნენ რესტორნებს, ბევრი დაუხურავთ...

_ არა მხოლოდ, რესტორნები და კვების ობიექტები, ყველა ორგანიზაცია ვალდებულია პირნათელი იყოს სახელმწიფოს წინაშე და იხდიდნენ გადასახადს.

_ ანუ რესტორნები არ იხდიდნენ?

_ ამას ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ უნდა დაგვეთანხმოთ, რომ გადასახადებს ყველა პირნათლად უნდა იხდიდეს _ კიდევ ვიმეორებ, არა მხოლოდ რესტორნები.

_ ანუ სხვა ორგანიზაციების დახურვაც იგეგმება?

_ არავის დახურვა არ არის სახელმწიფოს მიზანი, გადასახადის გადახდა ყველას ვალია.

`ჰო და არას’ ინფორმაციით, საგადასახადოს თანამშრომლების დაკავების გარდა ვითარება იმანაც დაძაბა, რომ გამგეობის ერთ-ერთი სამსახურის თანამშრომელმა ქრთამი ზედ გამგეობისა და სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ აიღო. ამიტომაც საგადასახადო კუთხით გააქტიურება მოულოდნელი არც არის, მით უმეტეს, როცა ისეთი გიგანტი სავაჭრო ქსელი, როგორიც `ელიტ-ელექტრონიკსია’, იძულებულია დაიხუროს და გურულ რესტორნებს ვინღა ჩივის.  

პ.ს. ბოლო ინფორმაციით, დახურული ობიექტები გახსნეს.

მამუკა ქანთარია

 
< წინა